საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 2007 წლიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს ადმინისტრაცია თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრზე აგებულ თანამედროვე კომპლექსში მდებარეობს, სადაც მომხმარებლების კომფორტულ და სწრაფ მომსახურებას სამსახურის 800-მდე თანამშრომელი უზრუნველყოფს. სააგენტოს ყველა სერვისი ერთ სივრცეშია განთავსებული. სასურველი მომსახურების მიღება ტერიტორიიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ჩვენი სამსახურის მიზანია უზრუნველვყოთ მარტივი, სწრაფი, სანდო და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სისტემა. ბოლო წლებში არაერთი რეფორმის შედეგად, დაინერგა ინოვაციური ტექნოლოგიები, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა მომსახურების დრო და გაზარდა უსაფრთხოების ხარისხი.
ურთიერთობის გასაიოლებლად ფუნქციონირებს სატელეფონო კონსულტაცია, ჩვენი ოპერატორები თქვენს კითხვებს ამომწურავად უპასუხებენ. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს შექმნიდან დღემდე მუდმივად იხვეწება ჩვენი მომსახურება, ეტაპობრივად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის თუ ტექნოლოგიების განახლება, სიახლეების დანერგვა. პროფესიონალური მომსახურება და კონსულტირება თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების შედეგია. მომსახურების სააგენტოს უახლესი გამოწვევაა ელექტრონული მომსახურება, ნებისმიერ თქვენგანს, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია ისარგებლოს ჩვენი ონლაინ მომსახურებით. დაზოგეთ დრო და ენერგია. გაიარეთ ავტორიზაცია ჩვენს გვერდზე. ეს ყოველივე საგრძნობლად გაამარტივებს ჩვენ შორის ურთიერთობას. ჩვენი მომსახურებით სარგებლობა საქართველოს 14 ტერიტორიულ ერთეულში განთავსებულ ოფისებში შეგიძლიათ, რომელთა უმრავლესობა კეთილმოწყობილია, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, სააგენტოს ყველა დანაყოფი მაღალი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებებითაა უზრუნველყოფილი.
|