ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ 15 აპრილს, სოფ. აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე "ტვ 3"-ის ჟურნალისტების უკანონო დაკავება გააპროტესტა და რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებს სამომავლოდ მსგავსი ტიპის ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, რომან შიტიკოვის დაკავებისა და ციხეში ყოფნის საკითხი. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შიტიკოვის ცხინვალის ციხეში ყოფნის ფაქტი არ დაადასტურეს.
საუბარი ასევე შეეხო სოფ. ღოღეთში მავთულხლართების მონტაჟით გამოწვეულ პრობლემებს, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ ნაკვეთებში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ცხინვალის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობისათვის განკუთვნილი საფოსტო გზავნილების მიწოდების კონკრეტული მექანიზმი შესთავაზა. ქართული მხარის მიერ აღნიშნულ კონსტრუქციულ შეთავაზებას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება არ მოჰყოლია.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომავალი შეხვედრა 3 ივნისს გაიმართება.