შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლის“ წევრებს შეხვდა. კლუბის წევრებმა, საქართველოს ნაკრების სახელით, რამდენიმე დღის წინ პარიზის პრესტიჟულ ტურნირში „გრან სლემი“ ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. „მებრძოლმა“ 2015 წლის დეკემბერში ევროპული საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ტურნირი - „ოქროს ლიგა“ მოიგო. ქართული ძიუდოს ისტორიაში, შსს-ს გუნდმა პირველმა შეძლო ამ უმაღლესი რანგის ტურნირის თასის მოგება.
შს მინისტრმა სპორტსმენებს გამარჯვება პირადად მიულოცა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ, ძიუდოისტებმა გიორგი მღებრიშვილს სიმბოლურად ძიუდოს კიმონო აჩუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“ 2014 წლის მაისში, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია. ისინი მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.
წელს შსს-ს ძიუდოისტები მსოფლიოს პირველ საკლუბო ჩემპიონატზე და „რიო-2016“-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.