საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია ეწვია.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ელჩინ გულიევს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის კონტროლის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც ორი ქვეყნის საზღვრის ეფექტურად დაცვას და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
გიორგი მღებრიშვილმა და ელჩინ გულიევმა ასევე განიხილეს სასაზღვრო კომისრების (სასაზღვრო წარმომადგენელების) ინსტიტუტის შექმნის შესახებ მემორანდუმის საკითხები, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. მემორანდუმი მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო ინციდენტების აღმოფხვრა-დარეგულირების საკითხის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
შს მინისტრი დელეგაციის წევრებს საქართველოს შსს-ში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, წელს დაგეგმილია მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სასაზღვრო გამტარი პუნქტების დასავლური სტანდარტების შესაბამისად, უახლესი ტექნიკით აღჭურვას და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დათო ნიკოლეიშვილს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, გოგა რაზმაძეს შეხვდნენ.
სტუმრებმა აზერბაიჯანული მუზეუმიც მოინახულეს და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.