საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალდანიშნულ ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა. გიორგი გახარიამ კარლ ჰარცელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომი მონიტორინგისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს და ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ არსებული ძალისხმევა უსაფრთხოების სექტორში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ვიზალიბერალიზაცია, საერთო ჯამში, ძალიან წარმატებულია, რაზეც მეტყველებს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც უკვე ისარგებლეს უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობით. რა თქმა უნდა, მინისტრთან და სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დიდი მიღწევის არასასურველი ეფექტი. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა განსახორციელებელი, თუმცა დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით გაწეული საქმიანობა," - განაცხადა კარლ ჰარცელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.