გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი - ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერალურ მინისტრს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში - ლევან იზორია დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერი შეხვედრას გამართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან - ვახტანგ გომელაურთან.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ. გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. აღსანიშნავია, რომ რეადმისიის პროგრამა წარმატებით ხორციელდება 2011 წლის პირველი მარტიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ.