შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მერაბ მალანია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე სტეფან როპერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განსაკუთრებულ დავლებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ ეუბიძე, შტაბის უფროსის მოადგილე ტიტე მეძმარიაშვილი და ამავე დეპარტამენტის და შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და დასახეს მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშესთან. მისი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, ყოველწლიურად თანხმდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები, რომელთა საფუძველზეც სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ სხვადასხვა ტრენინგებსა და ღონისძიებებში.