შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ.
როგორც საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეა დაკავებული.
დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის:
7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი „კოკაინის“ კრისტალები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო ნივთები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია და თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ.
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი „მცენარე კანაფი“.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ, კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას.
საზოგადოებას, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და მათი რეალიზაციისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა.
ასევე, დამატებით დაწესდა ადმინისტრაციული პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის.
ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ გამოვლენილია ნარკოდანაშაულის - 2370 ფაქტი. ასევე, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში მიცემულია - 1712 პირი, მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია - 157 პირი.
პოლიციის მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ამოღებულია:
4 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“;
2,5 კგ „მეთადონი“;
1 კგ „ალფა პვპ“;
2,7 კგ „პრეგაბალინი“ იგივე „ლირიკა“;
72 კგ „მარიხუანა“;
150 კგ „მცენარე კანაფი“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ.
გვსურს ასევე, აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დავალების შესაბამისად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გამკაცრებულია მიდგომა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე.
კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 104 484 ფაქტი, მათ შორის:
ავტომობილის მინის დამუქების წესის დარღვევის - 682 ფაქტი;
ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლზე მოძრაობის - 4 830 ფაქტი;
ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის - 683 ფაქტი;
სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმის უკანონოდ გამოყენების - 8 ფაქტი.
თითოეული სამართალდამრღვევი მძღოლის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პოლიცია, კვლავ აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს თოთოეულ სამართალდარღვევის ფაქტზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
მოვუწოდებთ, საგზაო მოძრაობაში ჩართულ პირებს, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები.
საზოგადოებას კვლავ შევახსენებთ, რომ პოლიცია 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს დანაშაულთან ბრძოლას და კანონის დამრღვევ პირთა მიმართ, ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას გაატარებს.