საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ავსტრიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელი, ბ-ნი ფრანც ლანგი.
ვიზიტის ფარგლებში ავსტრიული მხარე წარადგენს ევროკავშირის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის კოორდინაციის პროექტს (ILECU), რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ეროვნულ დონეზე საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრალური დანაყოფის შექმნა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შსს-ს ფარგლებში განხორციელებულ საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი არის ავსტრიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაგეგმილია შეხვედრების გამართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ, ბ-ნ ალექსანდრე ჭიკაიძესთან, მინისტრის პირველ მოადგილე, ბ-ნ გიორგი ზედელაშვილთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ბ-ნ შალვა კვინხიძესთან და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ, ბ-ნ ივანე პაპიაშვილთან.
მხარეებმა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი, განსაკუთებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე მოინახულებს შსს აკადამიასა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს.
ავსტრიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის დელეგაციის ვიზიტი სრულდება 21 მაისს.