აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში, საქართველოს ნაწილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა საუბარი.
კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო UNICEF-თან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია იზოლატორებში მოთავსებული არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა.
გარდა ამისა, ანგარიშში პოზიტიურად ფასდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის განმავლობაში გადადგმული ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა იზოლატორების პერსონალის ინტენსიური გადამზადება მოთავსებულ პირთა დაზიანებების აღრიცხვის საკითხებზე, ასევე, იზოლატორების ინფრასტრუქტურის განახლება და 4 იზოლატორში სამედიცინო დანაყოფის ჩამოყალიბება.