25 ნოემბერს, 12 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში (ნოე რამიშვილის N38-ში), ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას - „არა ძალადობას!“ იწყებს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
პრეზენტაციაზე კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის „ძალადობა დასჯადია“ ჩვენება გაიმართება, რომელიც სამი კვირის განმავლობაში სატელევიზიო ეთერებში განთავსდება. რგოლის მიზანია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორები საქართველოს მასშტაბით დაარიგებენ შს სამინისტროს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს. ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩატარდება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. შეხვედრებს გამართავს შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.
კამპანიაში საზოგადოების ჩართულობის ამაღლების მიზნით, ოჯახში ძალადობის თემაზე გამოცხადდება კონკურსები ჟურნალისტებისთვის - საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევარზე და მოქალაქეებისთვის - საუკეთესო სლოგანზე, ლოგოსა და ფოტოსურათზე.
კამპანიის ფარგლებში ასევე გაიმართება კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერის, რომელიც „ბრავო რეკორდს“-ში ჩაიწერა და სიმღერაზე „არტ პალასი“-ს მიერ გადაღებული კლიპის პრეზენტაცია, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა და მას ქართველი მომღერლები ასრულებენ.
აღნიშნულ თემას მიეძღვნება თოქ-შოუები და რადიოგადაცემები, დაგეგმილია ქუჩის სხვადასხვა აქცია და აქტივობები სოციალურ ქსელში.