2014 წლის 25 ნოემბერს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა აკადემიაში, გმირ კურსანტთა ქ. N1-ში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი ოფიციალურად გახსნიან სემინარს სახელწოდებით „ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეთა არაპირდაპირი დაკითხვა და ეჭვმიტანილების დაკითხვა“. გახსნის ცერემონიას აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელი ტრეისი ნიუველი, უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერი და მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ უილსონი, აშშ-ს საელჩოს, შსს-ს აკადემიის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრებიან. სემინარი აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ არის ინიცირებული.
აღნიშნული სემინარი განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის.
ღონისძიების მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან/მოწმეებთან და ეჭვმიტანილებთან ქართველ გამომძიებელთა კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესება, რაც ამ დანაშაულზე რეაგირებას და მის აღმოფხვრას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.