23 ივნისს, 9 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ აზიისა და კავკასიის რეგიონალური ბიოუსაფრთხეობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიხსნება.
აზიისა და კავკასიის რეგიონალური ბიოუსაფრთხეობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2014 წლის 23-27 ივნისს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებულია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ასაფეთქებელი ნივთიერებების ქვე-დირექტორატის (CBRNE) ბიოტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის (BTPU) და საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლობით.
სამუშაო შეხვედრას სიტყვით გახსნის საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს სამმართველოს უფროსი გიორგი მეზვრიშვილი. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან გაი კოლიე – ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ასაფეთქებელი ნივთიერებების ქვე-დირექტორატის ხელმძღვანელი, ნაიჯელ ლაითფუტი – დაავადებათა რეგიონალური კვლევის მაკავშირებელი ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორი, მაურინ ელისი – ბიოუსაფრთხოების ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი, პაულა ოსტინი – სანდიას ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერ-ექსპერტი, უილიამ სო – აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს ექსპერტი, მალკოლმ დანდო – ბრედფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მშვიდობის დარგში.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სამართალდამცავი, ჯანმრთელობის დაცვის, შსს-ს აკადემიისა და ბიოუსაფრთხეობის უწყებების წარმომადგენელთა შეკრება.
სემინარში მონაწილეობას საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ავღანეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ.