6 მარტს, 14 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალური კამპანია „შეიკარი ღვედი“-ს ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ექსპერტები – შალვა ოგბაიძე, დავით მესხიშვილი და კამპანიის ვიდეორგოლში მონაწილე ცნობილი სახეები დაესწრებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განახორციელა სოციალური კამპანია „შეიკარი ღვედი“. კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი სატელევიზიო და რადიო ეთერებში, ასევე, კინოთეატრებში – „რუსთაველსა“ და „ამირანში“ განთავსდა. კლიპში მონაწილე ცნობილი სახეები მძღოლებს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისა და დამცავი ღვედის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
კამპანიის ფარგლებში, სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, რომლის თანახმად, მონაწილეებს უნდა შეექმნათ დიზაინი, სლოგანი, გადაეღოთ ფოტოსურათი და ნამუშევრები უნდა განეთავსებინათ სოციალური კამპანია „შეიკარი ღვედი“-ს Facebook-ის გვერდზე. კამპანიაში ჩაერთო საზოგადოების დიდი ნაწილი. გამოვლინდა კონკურსის სამი გამარჯვებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკურსში გამარჯვებულებს მობილური ტელეფონებით – „Iphone 5“-ით დაასაჩუქრებს.