საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 200 პირს შესაძლებლობა ექნება ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, 14 სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის:
• სამართლის მიმართულებით - 123 პოზიციაზე;
• ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით - 8 პოზიციაზე;
• ფინანსების მიმართულებით - 16 პოზიციაზე;
• ეკონომიკის მიმართულებით - 5 პოზიციაზე;
• კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით - 8 პოზიციაზე;
• ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით - 4 პოზიციაზე;
• საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - 4 პოზიციაზე;
• სოციალური მეცნიერებების მიმართულებით - 2 პოზიციაზე;
• მათემატიკა და სტატისტიკის მიმართულებით - 3 პოზიციაზე;
• ფსიქოლოგიის მიმართულებით - 3 პოზიციაზე;
• ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით - 7 პოზიციაზე;
• უცხო ენების მიმართულებით - 2 პოზიციაზე;
• არქიტექტურა, ინჟინერია, მშენებლობა, მშენებლობის ინჟინერია, საინჟინრო ფიზიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, საინჟინრო ლოჯისტიკა, გარემოს ინჟინერია, ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების ინჟინერიის მიმართულებით - 11 პოზიციაზე;
• სხვა ნებისმიერი უმაღლესი განათლების მიმართულებით - 4 პოზიციაზე.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის წარდგენა 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ
https://hr.gov.ge -ის მეშვეობით.
სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; ან სწავლობს მაგისტრატურის საფეხურზე; ან დასრულებული აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
სტაჟირების მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სამოტივაციო წერილი და ინფორმაცია სწავლის ეტაპის ან დასრულების და აკადემიური მოსწრების შესახებ.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟიორის კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის სტაჟიორად შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია.