შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელებუ...
06-10-2023

ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელებული კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ჩატარებული ერთწლიანი სასწავლო პროგრამის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.

დასკვნითი ღონისძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა და მას გენერალური პროკურორი - ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება ელექტორნული/ციფრული მტკიცებულებების ეფექტური გამოძიების მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაბამისი აღჭურვილობა გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს Windows-ის ციფრული მტკიცებულებების გამომძიებელი ანალიტიკოსის სერტიფიკატები გადაეცათ.