თბილისის 85-ე საჯარო სკოლაში, მოსწავლეების ინიციატივით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის - ბექა მარგიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბექა მარგიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
85-ე საჯარო სკოლის მე-2, მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა დაღუპული პოლიციელის ლექსები წაიკითხეს და ბექა მარგიშვილი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი 2015 წლის 4 აპრილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წარსულში ნასამართლევმა შალვა აბულაძემ დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ბექა მარგიშვილი 9 აპრილს საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს.