სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის მოსახლეობას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. ახალი შენობა დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გახსნა.
“ამ შენობაში ყველაფერი იქნება ერთად კონცენტრირებული. ეს იქნება ძალზედ ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ ხანძარს პირველ რიგში და რა თქმა უნდა, სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა ის სამაშველო სამსახური, რომელიც არის ამ ობიექტის მოვალეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობასაც ვულოცავ ამ დღეს, იმიტომ, რომ ეს ნაწილი ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის, ბოლო წლების განმავლობაში ცოტა უყურადღებოდ იყო, ახლა ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ
ზუგდიდში არსებული ხუთ სართულიანი შენობა, გათვლილია 16 სახანძრო-სამაშველო მანქანაზე.
“რაც ვნახეთ, ასეთი შენობა საქართველოში მართლა არსად არ გვაქვს, უნიკალურია თავისი დეპოებით, თავისი მაღალი დონის ტექნიკით. აქ განთავსდება სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე, ქიმიურ-ბიოლოგიური მიმართულებით ვინც იმუშავებს.
მე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს ერთ-ერთი შენობაა, რომელსაც ვერტმფრენის დასაჯდომი აქვს და უსაფრთხოდ არის შესაძლებელი აქედან ადამიანების გადაყვანა სხვადასხვა მიმართულებით, სამაშველო-სახანძრო ოპერაციების დროს.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ზუგდიდის მოსახლეობისთვის. მინდა მივულოცო ჩვენს თანამშრომლებს, დღეს ვინც აქ არიან და ახალი შენობაში დაიწყებენ მუშაობას. ახალი ენთუზიაზმით, კარგი განწყობით შეეცდებიან გვერდში დაუდგნენ მოსახლეობას ყველა მიმართულებით, სადაც საჭიროება იქნება, ხანძარი იქნება, სამაშველო მიმართულება იქნება თუ სხვა.
ზუგდიდელებს და მთელ სამეგრელოს ვულოცავ და ხაზს ვუსვამ, რომ ასეთი შენობა საქართველოს მასშტაბით არ გვაქვს არსად,”- განაცხადა
ვახტანგ გომელაურმა.
შენობაში განთავსდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარი სამმართველო, კოორდინაციის სამმართველოს და ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალური განყოფილება. ეს არის პირველი სახანძრო-სამაშველო შენობა საქართველოში, რომელშიც არსებობს ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე.