8 ივნისს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა 147-ე საჯარო სკოლაში მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სასწავლო ევაკუაცია განახორციელეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, შენობიდან 1500-მდე ბავშვის და მათი მასწავლებლების ევაკუაცია მოახდინეს. აღნიშნული სწავლება სააგენტოს მიერ წამოწყებული კამპანიის ,,სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში’’ ფარგლებში ჩატარდა. სააგენტოს თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს. სწავლების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა სპეციალური საკაცითა და კალათებით სკოლის შენობიდან "დაშავებულები" ჩამოიყვანეს.
სიმულაციურ ევაკუაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ზვიად ქაწაშვილი მოადგილეებთან ერთად, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და დიდუბის რაიონის გამგებელი ესწრებოდნენ.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს სკოლის აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.