ამ წუთებში, შსს-ს საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოს მაშველები თბილისის სხვადასხვა რაიონში გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. მიმდინარეობს კიდევ 12 პირის სამძებრო ოპერაცია. მთლიანად სტიქიის ზონაში ამ დროისათვის ნაპოვნია 16 ადამიანის ცხედარი. ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებაც. სტიქიის შედეგად დაზარალებულ მთავარ ზონებში ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიებში მობილიზებულია ათეულობით სახანძრო და სამაშველო ჯგუფი, მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ჩახერგილი მანქანების ზედაპირზე ამოღება, ასევე, ხორციელდება დაზიანებული ხეების დამუშავება და გზის საფარის გადაწმენდა. მეხანძრე-მაშველების ნაწილი დახმარებას ზოოპარკის თანამშრომლებს ცხოველების დაბინავებაში უწევენ. იწმინდება ზოოპარკის შესასვლელი და საავტომობილო გზაც. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი მოადგილეებთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა და ვითარება დეტალურად გააცნო, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამუშაოებში ჩართული სხვადასხვა უწყების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.
სამაშველო ოპერაციებში ჩართულია სააგენტოს სპეც-ტექნიკა და ყველა საჭირო აღჭურვილობა. შემთხვევის ადგილებში მაშველების მუდმივი მობილიზებაა და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება საჭირო სამაშველო ოპერაციები.