შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გაერო-ს კოსმოსური სივრცის საქმეთა ოფისის (UNOOSA) სივრცით მონაცემებზე დაფუძნებული კატასტროფების მართვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საინფორმაციო პლატფორმის (UN-SPIDER) ტექნიკურ მრჩეველთა მისია ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში საერთაშორისო ექსპერტებსა და სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა გახსნა. სტუმრებს სააგენტოს გეოინფორმაციული პორტალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. საერთაშორისო ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში კატასტროფების რისკების შემცირებისა და კატასტროფების მართვის პროცესის მხარდაჭერა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურისა და გეოსივრცული ტექნოლოგიების შესაძლებლობების განვითარების გზით.
საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ/საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, რაც ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.