შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მექსიკაში, კატასტროფების რისკის შემცირების 2017 წლის გლობალური პლატფორმის პროგრამის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებასა და შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
2017 წლის გლობალური პალტფორმის პროგრამა ლიდერების ფორუმს, ორ მოსამზადებელ დღეს, სამუშაო შეხვედრებს, გამოფენებს და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მოიცავდა.
პროგრამაში 180 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, პრეზიდენტები, მინისტრები, პარლამენტარები, ქალაქების მერები, გაეროს, კერძო სექტორის, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ზვიად ქაწაშვილს მექსიკის პრეზიდენტთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდა. საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს დირექტორმა სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებიც გამართა.
გლობალური პლატფორმა ითვალისწინებს: სხვადასხვა სფეროში თანაშრომლობის ჩამოყალიბებას, კატასტროფების რისკის ინფორმირებული პოლიტიკის, პროგრამებისა და ინვესტიციების, განვითარებისა და კლიმატის საკითხების, მიღწეული პროგრესის შეფასებას, გამოცდილების გაზიარებას და კატასტროფების რისკის მართვის ინტეგრაციის ხელშეწყობას.
2017 წლის გლობალური პლატფორმის ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ინოვაციური გადაწყვეტილებები, ასევე, საერთაშორისო, რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ინტეგრირებული მიდგომები განსაზღვრეს.