2 ივნისს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის 23-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სასწავლო ევაკუაცია განახორციელეს. ევაკუაცია „ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის“ (DIPECHO) პროექტის „ჩვენ მზად ვართ! - კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, მისმა მოადგილემ ლევან ბუიღლიშვილმა, სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ბერიძემ, ქალაქ თბილისის მერიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს , ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებიც ჩართულები არიან კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებში.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, შენობიდან ბაღის აღსაზრდელებისა და პერსონალის ევაკუაცია განახორციელეს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საგანგებო სიტუაციების დროს ბაღის აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.