შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო
სამმართველოს ხელმძღვანელებმა და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების
სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ტყის მასივი იწვოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისის, ხარაგაულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ამბროლაურისა და ბაღდათის სახანძრო-სამაშველო სამსახურების სახანძრო ჯგუფების, აგრეთვე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების სამაშველო ჯგუფებთან ერთად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ხანძრის ლოკალიზება და სრული ლიკვიდაცია მოხერხდა. ხანძრის შედეგად 10 ჰექტარის ფართობის ტყის ქვედა საფარი დაიწვა.