საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დაკავებული და მიმდინარე წლის 30 იანვარს დეპორტირებული, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად „ლავას ოღლი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე - გურამ ა., მეტსახელად „ლავას ოღლი“) 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებულ იქნა რა „კანონიერ ქურდად“, დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ. ფიგურირებს სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებშიც. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
გამოძიება კანონიერი ქურდობის და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით და 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).