შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მესტიის მე-5 ქვეგანყოფილება გახსნა.
სამაშველო ქვეგანყოფილების შენობის მშენებლობა 6 თვის წინ დაიწყო. ერთსართულიანი შენობა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. შენობაში სამაშველო პერსონალის სამუშაო კაბინეტი, მოსასვენებელი და აღჭურვილობის ოთახებია განთავსებული. მესტიის ქვეგანყოფილებაში რვა პროფესიონალი მთამსვლელი იმუშავებს, რომლებსაც სრული სამთო აღჭურვილობა, ფორმები და ავტოტრანსპორტი გადაეცათ. ზამთრის პირობებში სამაშველო-საძიებო სამუშაოების უფრო ეფექტურად წარმოებისთვის ქვეგანყოფილებას ასევე ბურანი გადაეცა.
მესტიაში სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობის გახსნა რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა, რომლებიც საქართველოს მთის კურორტებს აქტიურად სტუმრობენ.
გასული წლის განმავლობაში შს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა საქართველოს მთიან რეგიონებში განხორციელებული წარმატებული სამაშველო ოპერაციების შედეგად 87 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, 29 უცხოელი.