შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1958 წელს დაბადებული დ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ა. მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, ისნის რაიონში, 9 ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკეების მოპარვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა ისინი ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ ავტომანქანებიდან მოხსნილი გვერდითა ხედვის სარკეები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.