შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, თბილისში ჭყონდიდელის ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის დროს 2002 წელს დაბადებულმა ბ.მ.-მ ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა არასრულწლოვნებს: ნ.ჭ.-ს ლ.ფ.-ს და ნ.ყ.-ს. სამივე დაზარალებული საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი, სადაც სამედიცინო მკურნალობას აგრძელებს ნ.ყ. ხოლო ორი არასრულწლოვანი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა.
პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა არასრულწლოვანი ბ. მ. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. .