შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიან ავტომობილებს შორის (TCR International Series) საერთაშორისო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი გაიხსნა.
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, TCR International-ის დამფუძნებელი მარჩელო ლოტი, ქართველი და უცხოელი გულშემატკივრები და მსოფლიოს წამყვანი სპორტული არხების ჟურნალისტები დაესწრნენ.
„TCR International-ის მასპინძლობა - ესაა მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველო არის სპორტული ტურიზმისთვის მიმზიდველი, უსაფრთხო ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ასეთი კლასის ღონისძიებას შესაბამისი მაღალი სტანდარტით შეხვდეს.
სპორტი არის კომუნიკაციის ის საშუალება, რომლის ენაც ყველას ესმის და მე მოხარული ვარ, რომ დღეს მთელი მსოფლიო გაიგებს ამ ჩემპიონატის მნიშვნელოვან გზავნილებს, როგორიცაა: Visit Georgia, Check in Georgia და TCR international-ი საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის!
დიახ, წლევანდელი ჩემპიონატი მხარს უჭერს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ესაა სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ავტომრბოლელების გზავნილი, რომ სისწრაფე მხოლოდ ავტოდრომებზე, სპორტულ სივრცეში უნდა განვავითაროთ, რეალურ გზებზე კი კანონს არასდროს გავუსწროთ,” - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში.
საქართველოს სახელით, რბოლაში ქართველი ავტომრბოლელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია და სერბი სპორტსმენი დუშან ბორკოვიჩი მონაწილეობდნენ.
დათა ქაჯაიამ, რომელმაც საკვალიფიკაციო გარბენზე სასტარტო ხაზთან პირველი ადგილი მოიპოვა, ლიდერობა ჩემპიონატის პირველი ეტაპის პირველ რბოლაშიც შეინარჩუნა. მეორე ადგილზე უნგრელი ავტომრბოლელი ფერენც პიცა გავიდა, მესამე ადგილს კი შვეიცარიელი სტეფანო კომინი დასჯერდა.
რბოლის გამარჯვებული დათა ქაჯაია, ასევე, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელები შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად დააჯილდოვა.
პირველი ეტაპის მეორე რბოლაში გამარჯვებული ესპანელი პეპე ორიოლა გახდა.
საერთაშორისო ჩემპიონატზე, 12 ქვეყნის სახელით, 16 ავტომრბოლელმა იასპარეზა. საერთაშორისო ტურნირი 40 სატელევიზიო არხზე, მსოფლიოს 150 ქვეყანაში გადაიცემოდა.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, სოლიდარობის ფონდსა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მოქალაქეთა მიერ ჩემპიონატზე დასასწრები თითოეული შეძენილი ბილეთიდან გარკვეული თანხა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად, „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.