შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ლიტვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსს, რემიგიუს ბანილიუსს, ქალაქების - მარიამპოლის და ტარაუგეს სახანძრო-სამაშველო სამსახურების ხელმძღვანელებს პოლკოვნიკ ვიდას ბარაუსკასს და პოლკოვნიკ მინდაუგას მიკუტავიჩიუსს შეხვდნენ.
შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების ფარგლებში გაიმართა. საქართველო-ლიტვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მრავალ ერთობლივ ინიციატივას და პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის დელეგაციის წევრებმა სააგენტოს ახლადაშენებული შენობები, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურა და სპეცტექნიკა დაათვალიერეს.
ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსმა რემიგიუს ბანილიუსმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ლიტვის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ამავე სახანძრო-სამაშველო სამსახურის უმაღლესი ორდენის (I) ჯვრით- „დაეხმარე მეზობელს“ დააჯილდოვა.