შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1998 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.