შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. სამუშაოები 5 ივლისს, გამთენიისას, 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. ორთაჭალჰესის ზედა ბიეფში მოხდა წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა, რაც შესაძლებელს გახდის მდინარე მტკვარში წყალდიდობის დროს ჩახერგილი და ჩაჭედილი, მოტივტივე და არამოტივტივე საგნების გამოჩენას, ასევე, ლამისა და ქვიშა-ღორღის ჩამორეცხვას სანაპირო ზოლიდან.
მასშტაბურ ღონისძიებაში ჩართულია 800-მდე მეხანძრე-მაშველი და მიმდინარეობს მდინარე მტკვრის სრული პერიმეტრის, ასევე, მდინარეში არსებული ხელოვნური კუნძულების დეტალური დათვალიერება. ჩატარებული ოპერაციების შედეგად, ამ დროისთვის ნაპოვნია 8 ძაღლის ლეში და სხვადასხვა ნივთები. სამუშაოები მიმდინარეობს სააგენტოს წყალზე მცურავი საშუალებებითა და წყალქვეშა საძიებო აღჭურვილობით.