შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან არსებულმა ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიურომ (INL) საჩუქრად სპეციალური ტაქტიკური აღჭურვილობა გადასცა. მიღება-გადაცემის ცერემონია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზაზე გაიმარათა. აღჭურვილობის მიღების დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლკოვნიკმა კონსტანტინე მახარაშვილმა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან – ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს უფროსმა მრჩეველმა პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერმა. შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან თითქმის ორი წელია აქტიურად თანაშრომლობს აშშ-ის საელჩოს „INL“-ის პროგრამა. მათი დაფინანსებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა სფეროში: მასების მართვა, კრიზისულ სიტუაციებში მოლაპარაკებები, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკური კურსი და მენეჯმენტის კურსი. მხარეებმა ღონისძიების მსვლელობისას ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე პროექტები, აღნიშნეს მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმის განვითარების საქმეში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრის დასასრულს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა კონსტანტინე მახარაშვილმა აშშ-ის საელჩოს INL-ის პროგრამის წარმომადგენლებს შს სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.