ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში საქართველოს ოფისი უკვე ფუნქციონირებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს ევროპოლთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა. საქართველოს პირველი მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში, ქალაქ ჰააგაში უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა.
საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლას ორგანიზებული და ტრანსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებით, კიდევ უფრო ძლიერდება თანამშრომლობა ევროპის საპოლიციო სტრუქტურებთან, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროკავშრთან უვიზო მიმოსვლის კონტექსტში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო „ევროპოლის“ ოპერატიული პარტნიორი ქვეყანაა, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით თანამშრომლობის, უსაფრთხო არხის მეშვეობით ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაციის გაცვლისა და ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა.