მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 მაშველი აღნიშნულ სოფელში გაემგზავრნენ. პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ სამძებრო სამუშაოები დაიწყეს და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენი ორი ტურისტის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო.
სამუშაოები დღეს, დილიდან განახლდა. ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ტურისტი - მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ. სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.