შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობაში დახმარების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და თაღლითობის ფაქტზე ამხილეს ხულოს რაიონის მუნიციპალიტეტის რიყეთის თემის რწმუნებული თემურ კოჩალიძე და ინდმეწარმე როლანდ შავაძე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 2 და 13 დეკემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტმა ინდმეწარმე როლანდ შავაძეს გაუფორმა ორი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს უნდა შეეძინა 8 000 ლარის ღირებულების სარიტუალო ინვენტარი და 5 802 ლარის ღირებულების ლითონის მილები. მიუხედავად იმისა, რომ როლანდ შავაძეს საერთოდ არ ჰქონდა შეძენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ხულოს რაიონის მუნიციპალიტეტის რიყეთის თემის რწმუნებულმა თემურ კოჩალიძემ 2013 წლის 20 დეკემბერს შეადგინა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, საქონლის სრულად მიწოდების შესახებ, რის შედეგადაც როლანდ შავაძე მოტყუებით დაეუფლა ხულოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ თანხებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გამოძიება მიმდინარეობს სამსახურეობრივი სიყალბის წაქეზების, თაღლითობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, თაღლითობაში დახმარების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 25-341-ე მუხლით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.