შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი ქუთაისის შსს-ს მომსახურების სააგენტოს რეგიონების მართვის სამმართველოს ესტუმრა, სადაც იგი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის “მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. სააგენტოს დირექტორმა სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროექტში მოზარდების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა მე-19 სკოლის მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების და საგზაო ნიშნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მოზარდებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს დაესწრნენ. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი გადაეცათ.
დათო ნიკოლეიშვილი ასევე სააგენტოს რეგიონების მართვის სამმართველოს თანამშრომლებს გაეცნო და განსახორციელებელ პროექტებსა და გეგმებზე ესაუბრა.