112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

”სააფთიაქო ნარკომანია”

„სააფთიაქო ნარკომანია“ არის ქიმიური დამოკიდებულება ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამედიცინო პრეპარატებზე. იმის გათვალისწინებით, რომ აფთიაქში შესაძლებელია ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი პრეპარატების ფართო სპექტრის შეძენა, სააფთიაქო ნარკომანიას ვერ მივაკუთვნებთ დამოკიდებულების რომელიმე განსაზღვრულ კლასს - მაგ., ოპიოიდური დამოკიდებულება, ფსიქოსტიმულატორებზე დამოკიდებულება და სხვ. სააფთიაქო პრეპარატების არასამედიცინო მიზნით მომხმარებელთა უმრავლესობა ამ პრეპარატებს ამატებს არალეგალურ ბაზარზე შეძენილ ნარკოტიკებს. საქართველოში გავრცელებულია ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და აფთიაქებში შეძენილი მედიკამენტებისგან კუსტარულად დამზადებული საინექციო ნარკოტიკების მოხმარება.

არალეგალურ ბაზარზე „კლასიკური ნარკოტიკების“ ძნელად ხელმისაწვდომობისა და ფასის მომატების კვალდაკვალ, 2009 წლიდან, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა კუსტარულად დამზადებული ინექციური ნარკოტიკული საშუალებების დეზომორფინისა („კრაკადილი“) და ამფეტამინების („ვინტი“, „ჯეფი“) მოხმარება. მათი დამზადებისათვის საჭირო კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების შეძენა ადვილად შესაძლებელი იყო ავტორიზებულ აფთიაქებში. სტატისტიკის თანახმად, გასულ წლებში კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების იმპორტირებული რაოდენობის აბსოლუტური უმეტესობა (მაგ. 2013 წელს 99%) ურეცეპტოდ იყო რეალიზებული, 2013 წელს, I ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (პირველ ჯგუფს განეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, აგრეთვე ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალება) ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის ოდენობა განისაზღვრა 6 000 ლარით, ხოლო განმეორებით ჩადენილი ქმედების შემთხვევაში - 12 000 ლარით. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას და ჯარიმების ოდენობის მნიშვნელოვან ზრდას შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, მოზარდები ნარკოგამოცდილებას პირველად კუსტარული, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ყველაზე საშიში ნარკოტიკით, დეზომორფინით იღებდნენ. აღნიშნული საგანგაშო ვითარება ითხოვდა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას.

სააფთიაქო ნარკომანიის” დასაძლევად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ძალაში 2014 წლის 15 მარტს შევიდა. კრიმინალიზებულ იქნა კოდეინის, ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების არალეგალური ბრუნვა. აღნიშნული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვრცელდება იურიდიულ პირზე (აფთიაქი) და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებზე. სანქციების ჩამონათვალს დაემატა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომდგენლობის უფლების ჩამორთმევა. ამიერიდან, ცალკეულ აკრძალულ ნივთიერებებზე, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ფიქსირებულ კვოტებს ერთობლივად განსაზღვრავენ შსს და ჯანდაცვის სამინისტროები. გრძელდება აფთიაქების სისტემატური კონტროლი და ინსპექტირება. გატარებული ცვლილებების შედეგად, სააფთიაქო ნარკომანიას” დიდი ზიანი მიადგა, ხოლო კუსტარული ნარკოტიკების” მოხმარება მინიმუმამდე შემცირდა (დეზომორფინი - 99%-ზე მეტით), უპრეცედენტოდ გაიზარდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამოღებული აკრძალული ნივთიერებების რაოდენობა. საზოგადოებაში ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ავადმოხმარების საკითხზე ცნობიერების გაზრდის მიზნით, შსს-მ დაიწყო ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული კამპანია.

თუმცა, სამწუხაროდ, „სააფთიაქო ნარკომანია“ არ შემოიფარგლება მხოლოდ ე.წ. „კუსტარული“ საინექციო ნარკოტიკებით. განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში საკმაოდ ხშირია სამკურნალო დანიშნულების მქონე ტაბლეტების - ფსიქოტროპული პრეპარატების ავადმოხმარება.

თრობის მიზნით ძირითადად მოიხმარება საძილე, დამამშვიდებელი, ალერგიის საწინააღმდეგო, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები. ამ პრეპარატების ეფექტები განსხვავებულია, არ იწვევს განსაკუთრებულ ეიფორიას და სიამოვნებას, მაგრამ მაინც მოიხმარება მათი სიიაფისა და ხელმისაწვდომობის გამო. მაღალი დოზებით აქვთ მომადუნებელი, გამაბრუებელი მოქმედება; ზოგიერთი მათგანი იწვევს აღქმის შეცვლას ილუზიებისა და ჰალუცინაციების სახით. რეგულარული მოხმარების სიმპტომებია: თრობიდან გამოსვლის შემდეგ აპათიურობა, მოდუნება, ლუღლუღით მეტყველება, არაადეკვატური ან აგრესიული ქცევა.

ამ პრეპარატების ჩვეული დოზის მიღებით გამოწვეული ეფექტის შესუსტება მიუთითებს ტოლერანტობის (ამტანობის) მომატებაზე. ზემოქმედების ეფექტის ძიება ადამიანს აიძულებს, სწრაფად გაზარდოს ხმარებული პრეპარატის დოზა.

ფსიქიკური დამოკიდებულება თავიდანვე დაუძლეველი ლტოლვის ხასიათს იძენს და ყალიბდება აღკვეთის მდგომარეობა – შფოთვა, მოუსვენრობა, გუგების გაფართოება, ოფლიანობა, ჩნდება ცალკეული კუნთოვანი ჯგუფების შეკრთომები, უნებლიე მოძრაობები, კიდურების კანკალი, გულისრევა, თავბრუხვევა, ყურებში შუილი. არტერიული წნევა მატულობს, გულის ცემა ხშირდება. ზოგჯერ ვითარდება გულყრა ან მწვავე ფსიქოზი ცნობიერების დაბინდვით, ორიენტაციის დარღვევით, ჰალუცინაციებით.

ხანგრძლივი და რეგულარული მოხმარების შედეგებია: შრომის უნარის შეზღუდვა, რაც დამოკიდებულების განვითარების დასაწყისშივე ვლინდება. ავადგამოყენების შედეგებს მით უფრო სწრაფად მივყავართ პიროვნების სოციალურ დეკომპენსაციამდე, რაც უფრო საპასუხისმგებლო სამუშაოს ასრულებს იგი.

დამოკიდებულების განვითარების შემდგომ სტადიაზე ხშირია თვითმკვლელობის (სუიციდური) აზრები და მცდელობები, დამახასიათებელია ხანდაზმული გარეგნობა, ფერმკრთალობა, განლევადობა, სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის დარღვევა.

სიძილე და დამამშვიდებელი საშუალებების ავადგამომყენებელთა შორის სიკვდილიანობა 2-3-ჯერ უფრო მაღალია ანალოგიურ ჯანმრთელ პოპულაციასთან შედარებით.