112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ანუ სინთეზური ნარკოტიკები. სინთეზური ნარკოტიკების ქვეშ იგულისხმება ქიმიური ნივთიერებების ნაკრები, რომლებიც ეფექტით მსგავსია მარიხუანას, კოკაინის და სხვა სტიმულატორების თუ ჰალუცინოგენების (ექსტაზი, ამფეტამინები).

ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ძირითადად, 2 ჯგუფად იყოფა:
• სინთეზური კანაბინოიდები (სპაისი, K2, სინთეზური მარიხუანა)
• სინთეზური კათინონები (აბაზანის მარილები”, დიზაინური ნარკოტიკები კოკაინის და ექსტაზის მსგავსი ეფექტით)

საქართველოში მათ ჟარგონზე უწოდებენ „ბიოებსა“ და „სპაისებს“. სინთეზური კანაბინოიდები მცენარული და ქიმიური ნივთიერებების ნარევია, რომლის მოქმედებაც მარიხუანას მსგავსია, თუმცა უფრო ძლიერია და სპეციფიური; მას ცრუ რეკლამა ახლავს თან, თითქოს ბუნებრივია, მაშინ, როცა ყოველთვის შერეულია ხელოვნურად შექმნილი ნარკოტიკი, რომლის ნარკოგენული პოტენციალი გაცილებით მაღალია, ვიდრე მარიხუანის. მათი მიღებისას ვითარდება ეიფორია, უმიზეზო სიცილისა და ტირილის შეტევები, ძლიერი ფსიქო-მოტორული აგზნება, შფოთვა, პანიკური შეტევები, ჰალუცინაციები, ბოდვა და ცნობიერების აბნევა, კოორდინაციის მოშლა. შეიძლება განვითარდეს გულისრევა, პირღებინება, არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, კრუნჩხვები, ცნობიერების დათრგუნვა (კომა), მწვავე ფსიქოზი, ადრე არსებული ფსიქოზური აშლილობის გამწვავება; მოწყვლად ჯგუფებში მათმა მოხმარებამ შეიძლება ქრონიკული ფსიქოზური დაავადების გამშვები მექანიზმის - ტრიგერის როლი ითამაშოს.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები იყიდება როგორც ბალახეული, ასევე აბაზანის მარილის ან ფხვნილის სახით. ამ ნივთიერებების უმეტესობის შემადგენლობა შეიცავს მძიმე ლითონის ნარჩენებს, რომლებიც მავნეა ჯანმრთელობისათვის. მოხმარება იწვევს: თავბრუსხვევას, შფოთვას, ჰალუცინაციებს, აღქმის უნარის დარღვევას, კოორდინაციის დარღვევას, სისუსტეს, მეხსიერების დაქვეითებას, ნევროზს და ფსიქოზს. მოქმედებს ფსიქიკაზე, ფილტვებზე, ტვინზე, იწვევს მიდრეკილებებს თვითმკვლელიბისკენ. შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა და კრიმინალი. ზედოზირების შემთხვევაში იწვევს სიცოცხლის მოსპობას.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" კანონი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 მაისს. კანონი მიზნად ისახავს ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაციის კუთხით ევროპული ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების („ბიოები“ და „სპაისები“) უკანონო ბრუნვისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას. კანონის გამოქვეყნებიდან მოკლე პერიოდში, მნიშვნელოვნად დაიკლო ქვეყანაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების იმპორტმა. კერძოდ, 2014 წლის მაის-დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებამ მოიკლო 90%-ზე მეტით. ასევე, განისაზღვრა მუდმივი მონიტორინგის მექანიზმი სახელმწიფო კომისიის სახით, რომელშიც თანამშრომლობს სამი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სახელმწიფო კომისია თვალყურს ადევნებს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, აანალიზებს მათ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და წარუდგენს მთავრობას კონკრეტულ წინადადებებს.