112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

დეზომორფინი

ეს ნივთიერება საქართველოს შავ ბაზარზე 2007 წლიდან გამოჩნდა. ის კუსტარული წესით დამზადებული ახალი ნარკოტიკული საშუალებაა, რომლის შექმნაც ძალზე ადვილია და 2014 წლამდე ძალზე იაფიც იყო, რადგან მისი დამზადებისათვის აუცილებელი კოდეინის შემცველი სამკურნალო საშუალებები აფთიაქებში თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი. 2014 წელს, შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივის საფუძველზე, კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების არალეგალური ბრუნვა დაექვემდებარა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, 99%-იანი კლება დაფიქსირდა დეზომორფინის მოხმარებისა საქართველოში.

მას ჟარგონზე „კრაკადილს“ უწოდებენ, რადგან გამოყენებისას აქვს კატასტროფული შედეგი, აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, იწვევს კანის დაჩირქებას და გარქოვანებას, რის გამოც ადამიანის კანი ემსგავსება ნიანგისას. დეზომორფინს ამზადებენ კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატებისაგან. მისი ერთ–ერთი ინგრედიენტია ნარევი, რომელიც საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში კანალიზაციის მილების გასაწმენდად გამოიყენება. დეზომორფინის მოხმარება, მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებების გავლენით, ძლიერ ტოქსიკურ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. მისი ფარმაკოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, აქვს მოქმედების უფრო სწრაფი დასაწყისი, ვიდრე სხვა ნარკოტიკებს, სწრაფად იშლება და იწვევს შემდგომი დოზის მიღების ძლიერ სურვილს. „კრაკადილის“ მომხმარებელი უკვე რამოდენიმე მიღების შემდეგ მასზე დამოკიდებული ხდება. მისი ნარკოგენული (მიჩვევის განვითარების) პოტენციალი აღემატება მორფინის და ჰეროინისას. გამოყენების სიხშირეც უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ოპიატებისა. ნანემსარის ადგილას წარმოიქმნება ადგილობრივი ქსოვილის ნეკროზი, ჩნდება ჩირქოვანი ქერქით დაფარული წყლულები, ინფექცია ვრცელდება ხშირად ძვლამდე. დამახასითებელია მსხვილი სისხლძარღვების თრომბოზი, ვენების დაჩირქება და დაწყლულება. ყოველივე ამის გამო, რიგ შემთხვევებში, საჭირო ხდება კიდურის მოკვეთა. სისტემური დაზიანებებიდან აღსანიშნავია სეფსისი, ფილტვების ანთება, მენინგიტი, ძვლის ინფექცია, რომელიც იწვევს ყბის და სახის სხვა ძვლების ქსოვილის სტრუქტურის დაშლას, მეტყველების და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და სხვ.