112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

მკურნალობა

წამალდამოკიდებულთა მკურნალობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპისაგან შედგება: პირველი არის მოსამზადებელი ეტაპი – პაციენტის მიერ მკურნალობის აუცილებლობის გაცნობიერება და გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ უნდა მიიღოს აუცილებლად თვით წამალდამოკიდებულმა პირმა (მას უნდა გააჩნდეს მაღალი მოტივაცია მკურნალობისადმი) და არა მისი ოჯახის წევრებმა ან მეგობრებმა. მას უნდა ქონდეს ძალიან მაღალი მოტივაცია, რომ ჩაიტაროს ეს თუ ის მკურნალობა, რაიმე იძულება არანარი შედეგის მომტანი არ არის. თუ გადაწყვეტილება მიღებულია, შემდეგი ეტაპი არის ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა – დეტოქსიკაცია. ეს არის მკურნალობის ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე რთული ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ჩვეული ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტა. ამ ეტაპზე პაციენტი პასიურია – ასრულებს ექიმის მითითებებს, იღებს მედიკამენტებს და იმ პროცედურებს, რომლებითაც ხდება ორგანიზმის გაწმენდა ნარკოტიკისაგან. ამ დროს ხდება პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის აღდგენა. მესამე ეტაპი, ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი, არის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ეტაპი. რეაბილიტაციის დროს პაციენტი თავისუფლდება ნარკოტიკზე ფსიქიკური დამოკიდებულებისაგან. რეაბილიტაცია – ეს არის დაკარგული უნარ-ჩვევების, სოციალური კავშირების, ადამიანებს შორის დანგრეული ურთიერთობების აღდგენის პროცესი.

ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება სამედიცინო დაწესებულებაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში. მკურნალობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - პიროვნებაზეც. მკურნალობა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას: დეტოქსიკაციას, სამედიცინო და სოციალურ რეაბილიტაციას. არსებობს აღკვეთის სინდრომის მკურნალობის (დეტოქსიკაციის) სხვადასხვა მეთოდი - როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე, ასევე ნარკოტიკების მეშვეობითაც. საქართველოში უნარკოტიკო მეთოდის გამოყენებისას ინიშნება პრეპარატების მთელი წყება. მათი მიღების სქემა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ნივთიერებას, როგორი ოდენობით და რამდენ ხანს იღებდა წამალდამოკიდებული პირი. მკურნალობის კიდევ ერთ მეთოდს წარმოადგენს მეთადონით ჩაანაცვლებითი თერაპია, რომელსაც აქვს საკუთარი კრიტერიუმები და დანიშნულება.

დეტოქსიკაციის საშუალო ხანგრძლივობა ათი დღეა. პირველი 3-4 დღე კრიზისულია, მომდევნო დღეები კი - სამედიცინო რეაბილიტაციას ეთმობა. როდესაც მდგომარეობა შედარებით მსუბუქია ან ადამიანს ნარკოტიკისთვის თავი უკვე დანებებული აქვს და აწუხებს უძილობა, შფოთვა, დისკომფორტი, ამბულატორიული მკურნალობა დასაშვებია, მაგრამ თუ წამალდამოკიდებულება მძიმეა და ადამიანი დიდ დოზებს იღებს, მკურნალობა აუცილებლად სტაციონარში უნდა ჩატარდეს.