112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ბ. კომისიის ფუნქციები

სამართლებრივი საფუძველი: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის ფუნქციები გაწერილია „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონითა (მე-7 მუხლი) და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №344/№01-30/ნ/№147 ერთობლივი ბრძანებით.

ფუნქციები: სახელმწიფო კომისია ახორციელებს მონიტორინგს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, აგრეთვე, უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებას. უფრო კონკრეტულად, კომისიის უფლებამოსილებანი განისაზღვრება შემდეგნაირად: სახელმწიფო კომისია აკვირდება პოტენციური საფრთხის შემცველი სხვადასხვა ქიმიური ნაერთის ბაზარზე მიმოქცევას; ახორციელებს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და ანალიზს, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; აქვეყნებს ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ ანგარიშებს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე. აგრეთვე, მონიტორინგისა და ანალიზის ფუნქციების მიღმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კომისია აქტიურად ერთვება სამართალშემოქმედებით პროცესში, კერძოდ: საქართველოს მთავრობისთვის შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართებში შეტანის ინიცირებასთან დაკავშირებით.

საკანონდებლო ინიცირების უფლებამოსილებასთან მიმართებით გასათვალისწინებელია შემდეგი პირობები: კანონის დანართებში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეტანის ინიცირებისთვის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსახლეობის გარკვეულ წრეებში ზოგიერთი ქიმიური ნაერთის ავად მოხმარება ნარკოტიკული თრობის მისაღებად ხდებოდა; ან/და ბ) მათი გამოყენებისას, როგორც მეცნიერების, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება მოწმობს, საფრთხე ექმნება მომხმარებლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ან ასეთი საფრთხის გამორიცხვა შეუძლებელია. ხოლო კანონის დანართებში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების შეტანის ინიცირებისთვის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები, თუ ცალკეულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებით იმავე ღონისძიებების განხორციელება ნაკლებად გამოსადეგია მათი გავრცელების აღსაკვეთად და, შესაბამისად, მომხმარებლის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.