112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა

უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანაში უამრავი პრობლემა დაგროვდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის კუთხით, რაც ნეგატიურად აისახებოდა საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აიღო დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის ვექტორი. შსს-ს ყველა ინიციატივა წარმოადგენს სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგს, რომელიც კომპლექსური ანალიტიკური სამუშაოს შედეგად დაიგეგმა.

პირველ ეტაპზე აუცილებელი იყო სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აღკვეთა. სახელმწიფომ, ამ კუთხით, სამი ძირითადი პრობლემის გადასაჭრელად მიიღო ზომები. პირველი და ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც ქვეყნის წინაშე ნარკომოხმარების კუთხით იდგა, იყო კოდეინის შემცველი სამკურნალო საშუალებები, რომელთაგან კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება - „დეზომორფინი“ („კრაკადილი“) მიიღებოდა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული საშუალებები მილიონობით აბის სახით ლეგალურად შემოედინებოდა საქართველოში და თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი აფთიაქებში. შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით, პარლამენტში მოხდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირება, რომლის მიხედვითაც, კოდეინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების უკანონო ბრუნვა დაექვემდებარა სისხლის სამართლებრივ დევნას. აღნიშნულმა პროექტმა ძალაში შესვლისთანავე გამოიწვია „კრაკადილის“ მოხმარების 90%-იანი კლება.

მეორე, ასევე, ძალიან მწვავე პრობლემას წარმოადგენდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ე.წ. „ბიოები“ და „სპაისები“, რომლებიც არავითარ სამართლებრივ რეგულაციას არ ექვემდებარებოდა და უკონტროლოდ შემოედინებოდა საქართველოში. რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე, შსს-ს ავტორობით, შემუშავდა ახალი კანონპროექტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაციას. აღნიშნული კანონპროექტი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა რამდენიმე მიმართულებით. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ სამართალდამცავი უწყებები თითქმის ყოველდღიურად ახორციელებენ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ამოღებას. კანონის საფუძველზე მოხდა ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული მონიტორინგის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფო კომისიის სახით, რომელიც რელევანტურ უწყებებს აერთიანებს, იკრიბება ყოველთვიურად და ახდენს კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებას, ისევე როგორც რეკომენდაციების გაწევას საქართველოს მთავრობისთვის. შსს აწარმოებს, ასევე, ფართომასშტაბიან ანტინარკოტიკულ კამპანიას, რომლის სამიზნე ჯგუფს საქართველოს მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, წარმოადგენს. ამ კამპანიამ საქართველოს მოსახლეობის ყველა სეგმენტამდე მიიტანა სახელმწიფოს ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც ეხება, როგორც ნარკოტიკების მოხმარების სამართლებრივ შედეგებს, ასევე ჯანმრთელობისათვის მავნე ზემოქმედებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობას. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ნარკოლოგების მონაცემებით, ძალიან იკლო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელმა. 2014 წლის მაისი-აგვისტოს მონაცემებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოდინებამ, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 11-ჯერ იკლო.

მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა - კლასიკური ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე. შსს-ს მიერ ამ პრობლემის ეფექტური გადაჭრისა და მისი მასშტაბების ნათლად წარმოდგენისათვის უნდა აღინიშნოს 2013 წლის ივნისში საზღვარზე 116 კგ. ჰეროინის და 2014 წლის ივლისში 2,8 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღება, რომლის საბაზრო ღირებულება ასეულობით მილიონი დოლარია. 2014 წლის ივლისში მოხდა დაახლოებით 5,3 ტონა კანაფის მცენარის ამოღება. სამივე შემთხვევა უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში და მიუთითებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ეფექტურ მუშაობაზე.

მეორე ეტაპზე მნიშვნელოვანია ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა-რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება. სახელმწიფო ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.

2014 წლის ანგარიში საქართველოში ნარკოვითარების შესახებ -
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში