112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბერკანტ დ., რომელიც პირადად და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ყალბი პასპორტების გამოყენებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.

თანხის გადახდის შემდგომ, დანაშაულებრივი დაჯგუფის წევრები აღნიშნულ პირებს სხვა სახელითა და გვარით ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ, შემდეგ ისინი საქართველოში ჩამოჰყავდათ და სხვადასხვა საპასპორტო მონაცემით (ნამდვილით და ყალბით) შეუძენდნენ ავიაბილეთებს, ერთდროულად, როგორც თურქეთის (სადაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ), ასევე, ევროპის რომელიმე ქვეყნის მიმართულებით.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები საქართველოში ჩამოსულ პირებს დანიშნულ დროს, აეროპორტში მისვლამდე ყალბ პასპორტებს გადასცემდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის მოქალაქეები რეგისტრაციას თურქეთისა და ევროპის მიმართულების ავიარეისებზე პარალელურად გადიოდნენ. საზღვრის გადაკვეთამდე, აეროპორტის საპირფარეშოში, ბერკანტ დ. ევროპის მიმართულებით აღებულ ჩასხდომის ბარათსა და ყალბ პასპორტზე საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველ ყალბ თარიღ-დამღას სვამდა. ამის შემდგომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე აღნიშნული პირები მესაზღვრე-კონტროლიორს ნამდვილ, ირანულ პასპორტებსა და თურქეთის მიმართულებით ჩასხდომის ბარათს წარუდგენდნენ, საზღვრის კვეთის შემდგომ კი უკვე ყალბი პასპორტითა და ევროპის მიმართულებით აღებული ჩასხდომის ბარათით, რომელზეც საზღვრის კვეთის ყალბი თარიღ-დამღა იყო დასმული, ევროპის ქვეყნების მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ევროპის მიმართულებით მიმავალი ავიარეისი დროში მცირედით წინ უსწრებდა თურქეთის მიმართულებით მიმავალ რეისს, რის გამოც, მგზავრის დაკლების შემდგომ, ავიაკომპანია მათ მოძიებას ვეღარ ახერხებდა.

დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის შემდგომ, მიმდინარე წლის აპრილში შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი მოქალაქის მცდელობა, თურქეთის ნაცვლად, ევროპაში ყალბი პასპორტით გამგზავრებულიყო, ადგილზე აღკვეთა.

შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების ამ ეტაპზე დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბერკანტ დ., საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყალბი ბეჭდისა და დოკუმენტების დამზადება, შენახვა, გასაღების ბრალდებით დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველი ყალბი თარიღ-დამღა და სხვადასხვა ქვეყნის ყალბი პასპორტები. ამავე მუხლის ბრალდებით დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელმაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ასევე გამოავლინა თბილისში მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ზემოხსენებული დანაშულებრივი სქემით უნდა ესარგებლათ.

დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება