112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება

№692

8.12.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქცია

დანართი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქცია

1. ზოგადი დებულებები

1.1 რეგულირების სფერო

1.2 ტერმინთა განმარტება

1.3 იზოლატორის მოსამსახურეთა საქმიანობის პრონციპები

2. იზოლატორში პირის მოთავსება

2.1 პირის იზოლატორში მოთავსების პროცედურის თანამიმდევრობა

2.2 პირის იზოლატორში წარდგენამდე გასატარებელი ქმედებები

2.3 პირადი დათვალიერება

2.4 ნივთების ჩამორთმევა პირადი დათვალიერების დროს

2.5 პირველადი სამედიცინო შემოწმება

2.6 სურათის გადაღება და ელექტრონული ხელმოწერა

2.7 უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა

2.8 იზოლატორის საკანში პირის მოთავსების ზოგადი წესი

2.9 საკანში არსებული პირობები

2.10 მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანა

3. რისკების შეფასება და მოთავსებულ პირებზე ზრუნვა

3.1 რისკების შეფასება პირის იზოლატორში მოთავსებისას

3.2 მოთავსებულ პირებზე ზრუნვა

3.3 იზოლატორში უსაფრთხოების დაცვის მიზნით ღონისძიებების განხორციელების წესი

4. უსაფრთხოება და სამორიგეო ცვლის გადაბარება

4.1 საგუშაგო რეჟიმის დაცვა

4.2 საკანში მოთავსებული პირის შემოწმება მორიგე გუშაგის მიერ

4.3 იზოლატორის უფროსის მოვალეობები

4.4 ცვლის გადაბარება და თათბირი

4.5 საკნის შემოწმების წესი

4.6 იზოლატორში კანონიერი საფუძვლით მყოფი პირების უსაფრთხოება

5. სამედიცნო მომსახურებისა და ექსტრემალური სიტუაციების დროს მოქმედების წესი

5.1 სამედიცინო მომსახურების ზოგადი წესი

5.2 სამედიცინო მომსახურების პროცედურა

5.3 ალკოჰოლური ინტოქსიკაცია

5.4 ნარკოტიკული საშუალების მოხმარება

5.5 უეცარი კოლაფსი

5.6 სუიციდი და თვითდაზიანება

5.7 შაქრიანი დიაბეტი

5.8 ეპილეფსია

5.9 კლაუსტროფობია

5.10 ბრონქული ასთმა

6. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოთავსებულ პირებთან მოპყრობის თავისებურებები

6.1 არასრულწლოვნებთან მოპყრობის თავისებურებები

6.2 იზოლატორში მოთავსებულ ქალებთან მოპყრობის თავისებურებები

6.3 წამალდამოკიდებულ პირებთან მოპყრობის თავისებურებები

6.4 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მოპყრობის თავისებურებები

7. იზოლატორში მოთავსებულ პირთა კვება, ჰიგიენა და სხვა უფლებებით სარგებლობა

7.1 მოთავსებულ პირთა კვება

7.2 მოთავსებული პირის პირადი ჰიგიენა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა

7.3 ყოველდღიური გასეირნების უფლება

7.4 საკითხავ მასალასთან წვდომა

7.5 რელიგიური უფლებების განხორციელება

7.6 ინფორმაციის შეტყობინება

7.7 პერსონალურ მონაცემთა დაცვა

7.8 პროკურატურისათვის შეტყობინების ვალდებულება და პროცედურა

7.9 თარჯიმნით უზრუნველყოფა

8. მოთავსებული პირის იზოლატორიდან გათავისუფლება

8.1 მოთავსებული პირის იზოლატორიდან გათავისუფლება

8.2 ნივთების დაბრუნება

1.ზოგადი დებულებები

1.1.რეგულირების სფერო

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დროებითი მოთავსების იზოლატორების (შემდგომში – იზოლატორი) საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს პირთა იზოლატორში მოთავსების, მოთავსებულ პირთა რისკის შეფასებისა და მათზე ზრუნვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ცვლების გადაბარების, სამედიცინო მომსახურების, გარესამყაროსთან კომუნიკაციის, მოთავსებულ პირთა კვებისა და ჰიგიენის უზრუნველყოფის, მოთავსებული პირის იზოლატორიდან გაყვანისა და გათავისუფლების დროს იზოლატორის მოსამსახურეთა სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს.

2. ინსტრუქციის მიზანია იზოლატორში მოთავსებული პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

1.2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დეპარტამენტი – სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ბ) იზოლატორი – განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელიც შედის დეპარტამენტის შემადგენლობაში და უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტს ან/და დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;

გ) მოთავსებული პირი – იზოლატორში მოთავსებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირი, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელი;

დ) მოსათავსებელი პირი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოების თანამშრომელთა მიერ იზოლატორში მოსათავსებლად წარდგენილი პირი მისი მოთავსების პროცედურის დასრულებამდე;

ე) სამედიცინო მუშაკი – დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის სამედიცინო განათლებისა და შესაბამისი სერტიფიკატის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მისთვის ხელშეკრულებით განსაზაღვრულ იზოლატორში ან/და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენელი;

ვ) ახლო ნათესავი – შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა იზოლატორში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტით.

1.3.იზოლატორის მოსამსახურეთა საქმიანობის პრინციპები

1. იზოლატორის საქმიანობის გამართულობა და ეფექტიანობა დამოკიდებულია იზოლატორის მოსამსახურეთა კეთილსინდისიერებაზე, ჰუმანურობაზე, კომპეტენტურობასა და სხვა პირად თვისებებზე. იზოლატორის ყველა მოსამსახურე უნდა იქცეოდეს სამაგალითოდ და იმსახურებდეს მოთავსებულ პირთა პატივისცემას. იზოლატორის მოსამსახურემ უნდა გააცნობიეროს, რომ ის ასრულებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეს.

2. იზოლატორის მოსამსახურემ უნდა დაიცვას მოთავსებული პირის კონსტიტუციური უფლებები, მოთავსებულ პირს უნდა მოეპყრას ჰუმანურად, კანონის შესაბამისად, თანასწორობის პრინციპის, პატივისა და ღირსების სრული დაცვით. მისი პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. დაუშვებელია მოთავსებული პირის პერსონალური მონაცემების არასამსახურებრივი მიზნით დამუშავება.

3. იზოლატორის მოსამსახურემ პატივი უნდა სცეს მოთავსებული პირის კულტურულ, რელიგიურ და ეთნიკურ კუთვნილებას, ისევე როგორც კვების სპეციალურ მოთხოვნილებებს. დაუშვებელია მოთავსებული პირის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის თუ სხვა საფუძვლით.

4. იზოლატორის მოსამსახურე თითოეულ მოთავსებულ პირს უნდა მოეპყრას ინდივიდუალურად, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტული გარემოებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. მოთავსებულ პირს შესაძლებელია ჰქონდეს ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური პრობლემები, ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი ან/და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება. აღნიშნული მოითხოვს იზოლატორის მოსამსახურის მხრიდან საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის სრულ გაცნობიერებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში.

5. იზოლატორის მოსამსახურეს აკისრია მოთავსებულ პირზე ზრუნვის ვალდებულება, რაც გულისხმობს მისი უსაფრთხოებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას.

6. მოთავსებულ პირს დღე-ღამის ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაუყოვნებლივ მიმართოს იზოლატორის მოსამსახურეს. აუცილებელია, განხილულ იქნეს მოთავსებული პირის ყველა მოთხოვნა. მოთავსებული პირის კანონიერ მოთხოვნაზე უარი დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ დაბრკოლება ექმნება იზოლატორის გამართულ ფუნქციონირებას.

2. იზოლატორში პირის მოთავსება

2.1. პირის იზოლატორში მოთავსების პროცედურის თანამიმდევრობა

1. პირის იზოლატორში მოთავსებისას უნდა ჩატარდეს შემდეგი პროცედურები მოცემული თანამიმდევრობით:

ა) იზოლატორში წარდგენამდე გასატარებელი ღონისძიებები და იზოლატორში პირის მოთავსების საფუძვლების შემოწმება;

ბ) პირადი დათვალიერება;

გ) პირველადი სამედიცინო შემოწმება და გარეგნული დათვალიერება;

დ) სურათის გადაღება და ელექტრონული ხელმოწერის დარეგისტრირება;

ე) უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა;

ვ) იზოლატორის საკანში მოთავსება.

2. მოცემული თანამიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით, რაც აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული.

2.2. პირისიზოლატორში წარდგენამდე გასატარებელი ქმედებები

1. მოსათავსებელ პირს წერილობითი მიმართვის საფუძველზე იზოლატორში წარადგენენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოების თანამშრომლები.

2. იზოლატორში პირის მოთავსების საფუძველია:

ა) ადმინისტრაციული დაკავების ოქმი;

ბ) ბრალდებულის დაკავების ოქმი;

გ) სასამართლოში სამართალდამრღვევის დაკავების ოქმი;

დ) სასამართლო სხდომის დარბაზში ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის, ბრალდებულის, განსასჯელის და მსჯავრდებულის დაკავების ოქმი;

ე) საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავების ოქმი;

ვ) მოსამართლის განჩინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის დროს.

3. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის იზოლატორში მოთავსებისას წერილობით მიმართვას დაკავების ოქმთან ერთად უნდა ერთოდეს მოსამართლის დადგენილება ან განკარგულება პატიმრობის შეფარდების შესახებ.

4. იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, შეამოწმოს მიმართვასა და მის დანართში მოცემული ინფორმაციის სისწორე მის ხელთ არსებული ყველა ტექნიკური საშუალებით. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში იგი ვალდებულია, დაუკავშირდეს მოსათავსებელი პირის დამკავებელ ორგანოს.

5. იზოლატორში არ მიიღება:

ა) პირი, რომლის ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა მის იზოლატორში მოთავსების საშუალებას და ამის შესახებ არსებობს სამედიცინო მუშაკის გადაწყვეტილება;

ბ) ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ ასაკს მიუღწეველი პირი.

2.3. პირადი დათვალიერება

1. იზოლატორის უფროსის ან/და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ვალდებულებაა, რომ მოსათავსებელმა პირმა გაიაროს პირადი დათვალიერება. მოსათავსებელი პირის პირადი დათვალირების მიზანია, სრულად აღინუსხოს მისი პირადი ნივთები და ჩამოერთვას ყველა ის ნივთი, რომელიც:

ა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკუთარი თავისათვის ან/და სხვა პირისათვის ზიანის მისაყენებლად;

ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს იზოლატორის ქონებისათვის ზიანის მისაყენებლად ან/და გასაქცევად;

გ) მიეკუთვნება სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთს (იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, ნებისმიერი სახის დანა, სამართებელი, სამედიცინო დანიშნულების საგანი და სხვა მსგავსი ნივთი, ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ყალბი დოკუმენტაციის; შემდგომში – სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთი);

დ) საჭიროებს სპეციალურ შენახვას;

ე) წარმოადგენს მტკიცებულებას.

2. პირადი დათვალიერების დროს იზოლატორის მოსამსახურეთა მხრიდან განხორციელებული ყველა ქმედება უნდა იყოს საჭიროებაზე დაფუძნებული და სრულად უნდა გამორიცხავდეს პირის დამცირებასა და ღირსების შელახვას. მოსათავსებელ პირს უნდა განემარტოს პირადი დათვალიერების მიზანი.

3. პირადი დათვალიერება ტარდება მოსათავსებელი პირის იზოლატორში შეყვანისთანავე იმავე სქესის პირის მიერ განცალკევებულ ადგილას, სხვათა თვალთახედვის არესგან მოშორებით, იმ ოთახში, სადაც არ არის განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის კამერა. პირად დათვალიერებას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის პირი. მოსათავსებელი პირის პირადი დათვალიერებისას მისი ტანსაცმელი თვალიერდება და ისინჯება იზოლატორის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ. პირადი დათვალიერების დასრულების შემდეგ დგება ოქმი. პირადი დათვალიერების ოქმში აღიწერება დასათვალიერებელი პირის ტანისამოსი შესაბამისი მახასიათებლების მითითებით. პირადი დათვალიერების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალება. თუ პირადი დათვალიერების ჩატარება შეუძლებელია მოსათავსებელი პირის იზოლატორში შეყვანისთანავე, მაშინ სათანადო ზომები უნდა იქნეს მიღებული, რომ მოთავსებულმა პირმა ზიანი არ მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვა პირებს ან არ ხელყოს მტკიცებულებები.

4. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ პირის პირად დათვალიერებას, რომელიც თავად ჩაბარდა. აღნიშნულ პირს ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მომზადებულიყო იზოლატორში მოთავსებისთვის და დაემალა რაიმე ნივთი.

5. პირადი დათვალიერების დროს იზოლატორის მოსამსახურემ უნდა გამოიყენოს დამცავი ხელთათმანი. თუ იზოლატორის მოსამსახურეს აქვს ჭრილობა, დამწვრობა ან კანის რაიმე სახის დაზიანება, პირადი დათვალირების დროს უნდა დაფაროს იგი წყალგაუმტარი საფარით. ყველა მოსამსახურეს, რომელიც ატარებს პირად დათვალიერებას, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს დაზიანების და გადამდები დაავადებების რისკი.

6. თუ პირადი დათვალიერების პროცესში იზოლატორის მოსამსახურეს წარმოეშვა ეჭვი, რომ მოსათავსებელმა პირმა გადაყლაპა უცხო სხეული, ფსიქოტროპული ან/და ნარკოტიკული ნივთიერება, საჭიროა მიღებულ იქნეს ყველა ზომა აღნიშნული პირის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად.

7. პირადი დათვალიერების დაწყების წინ იზოლატორის მოსამსახურე პირს გააცნობს იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც მოთავსებულ პირს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად.

8. იზოლატორის მოსამსახურემ წინასწარ უნდა გამოჰკითხოს მოსათავსებელი პირი იმ ნივთების ქონის შესახებ, რომელიც ნებადართული არ არის საკანში შესანახად და უნდა მოსთხოვოს მას ასეთი ნივთების წარდგენა. ასეთი ნივთის წარდგენის შემთხვევაში იზოლატორის მოსამსახურემ დიდი სიფრთხილით უნდა განახორციელოს მისი ჩამორთმევა ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას პირთა და საკუთარ უსაფრთხოებას.

9. მოსათავსებელი პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის წარდგენის შემთხვევაში იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, შეადგინოს სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს პროკურორს. ნივთი ან ნივთიერება მოსათავსებელი პირის თანდასწრებით უნდა მოთავსდეს პოლიეთილენის პარკში, დაილუქოს შესაბამისად და ლუქზე დაესვას იზოლატორის ბეჭედი, ასევე იზოლატორის მოსამსახურისა და მოსათავსებელი პირის ხელმოწერები.

2.4. ნივთების ჩამორთმევა პირადი დათვალიერების დროს

1. პირადი დათვალიერების დროს ხდება ყველა იმ ნივთის ჩამორთმევა, რომლის საკანში შენახვაც არ არის ნებადართული. იზოლატორის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მოსათავსებელ პირს შეიძლება ჩამოერთმევას სხვა ნებისმიერი ნივთი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკუთარი თავისათვის ან სხვა პირისათვის ზიანის მისაყენებლად.

2. პირადი დათვალიერების დროს სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩამორთმევისას აღნიშნული ნივთი მოსათავსებელი პირის თანდასწრებით უნდა მოთავსდეს პოლიეთილენის პარკში, დაილუქოს შესაბამისად და ლუქზე დაესვას იზოლატორის ბეჭედი, ასევე იზოლატორის მოსამსახურისა და მოსათავსებელი პირის ხელმოწერები, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ეცნობება გამომძიებელსა და პროკურორს.

3. თუ, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მოსათავსებელ პირს ჩამოერთვა სამოსის ნაწილი, იგი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ალტერნატიული სამოსით.

4. თუ პირი იყენებს მხედველობის სათვალეს, სასმენ აპარატს, პროთეზს და სხვა, მათი ჩამორთმევა უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს აუცილებლობას, საფრთხის თავიდან ასაცილებლად. როდესაც პირი მოითხოვს აღნიშნულ ნივთებს იზოლატორის მოსამსახურესთან კომუნიკაციის დასამყარებლად, ასევე საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით, ისინი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მას.

5. იზოლატორში მოსამსახურეთა მხრიდან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ჩამორთმეული/წარმოდგენილი ნივთების აღნუსხვას და შენახვას. ჩამორთმეული ნივთების შემოწმება და დალუქვა უნდა მოხდეს იზოლატორში მოსათავსებელი პირის თანდასწრებით. სასურველია, აღნიშნული პროცედურა ჩატარდეს ვიდეომეთვალყურეობის კამერების მხედველობის არეში.

6. წარმოდგენილი ან ჩამორთმეული ნივთები დეტალურად, ნივთების ფერის, მწარმოებლის და საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით, ხოლო ბანკნოტების შემთხვევაში – კუპიურის ნუმერაციისა და თანხის ოდენობის მითითებით აღიწერება პირადი დათვალიერების ოქმში. აღნიშნული ნივთები, გარდა მალფუჭებადი პროდუქტებისა, ინახება საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ კარადაში. მათი სრულად დაბრუნება ხდება პირის იზოლატორიდან გასვლისას ან გათავისუფლებისას, რასაც მოთავსებული პირი ან/და დამკავებელი ორგანოს წარმომადგენელი ადასტურებს პირადი დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით. მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაუყოვნებლივ, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმი.

2.5. პირველადი სამედიცინო შემოწმება

1. მოსათავსებელი პირი იზოლატორის საკანში მოთავსების წინ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას.

2. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს სამედიცინო მუშაკის მიერ მოსათავსებელი პირი გამოიკითხება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დაფიქსირება, ასევე ვიზუალური დათვალიერება სხეულზე არსებული დაზიანებების სრულად დაფიქსირების მიზნით. სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს განცალკევებულ ოთახში სხვა პირთა დასწრების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამედიცინო მუშაკი თავად მიიჩნევს აუცილებლად იზოლატორის მოსამსახურის დასწრებას აღნიშნულ პროცედურაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მუშაკის მოთხოვნით შემოწმების პროცესს ესწრება იზოლატორის მოსამსახურე, იგი ვალდებულია, მაქსიმალურად აარიდოს თავი საუბრის კონფიდენციალურობის დარღვევას და განახორციელოს მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობა.

3. იმ იზოლატორში, რომელშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, სამედიცინო შემოწმებას ატარებს დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის სამედიცინო განათლებისა და შესაბამისი სერტიფიკატის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე და შემოწმების შესახებ ადგენს იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმას. თუ ექიმს წარმოეშობა ეჭვი წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე, იგი ვალდებულია, აცნობოს იზოლატორის უფროსს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულის შესახებ შეტყობინებას უგზავნის საქართველოს პროკურატურას.

4. იმ იზოლატორში, რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოსათავსებელი პირისათვის სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად იზოლატორის ცვლის უფროსი იძახებს სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადას. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ გარეგნული დათვალიერების ოქმს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად ავსებს იზოლატორის მოსამსახურე. გარეგნული დათვალიერების ოქმში მიეთითება მოსათავსებელი პირის გარეგნული მდგომარეობა, სხეულის დაზიანების შესაძლო ნიშნები, თუ სად მიიღო აღნიშნული დაზიანებები და რა ვითარებაში, ვის მიერ, აქვს თუ არა მოსათავსებელ პირს ვინმეს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია, რომელსაც შემდგომ ადასტურებს ხელმოწერით თავად ეს პირი. მოსათავსებელი პირის მხრიდან ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში ოქმზე იზოლატორის მოსამსახურის მიერ უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. მოსათავსებელი პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის ან/და სხეულის ახლადმიღებული დაზიანების არსებობის შემთხვევაში იზოლატორის უფროსი ვალდებულია, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს პროკურატურას.

5. პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სამედიცინო მუშაკის შეფასებით არ იძლევა იზოლატორში მისი მოთავსების შესაძლებლობას, იგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

2.6. სურათის გადაღება და ელექტრონული ხელმოწერა

1. იზოლატორში პირის მოთავსებისას უნდა მოხდეს მისი ფოტოგრაფირება. ფოტოს გადაღება მოსათავსებელი პირისათვის სავალდებულოა და ამის თაობაზე მას იზოლატორის მოსამსახურემ უნდა განუმარტოს.

2. ფოტოსურათის გადაღება უნდა მოხდეს იზოლატორში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

3. სურათის გადაღებამდე იზოლატორის მოსამსახურემ დაფაზე სწორად უნდა დააფიქსიროს პირის პირადი მონაცემები, რეგისტრაციის ნომერი, თარიღი და ინფორმაცია იზოლატორის შესახებ.

4. იზოლატორის მოსამსახურემ სურათის გადაღებისას მოსათავსებელი პირი უნდა დააყენოს სიმაღლის აღმნიშვნელი ცხრილის წინ. იზოლატორის მოსამსახურემ მოსათავსებელ პირს უნდა მიუთითოს, რომ სურათის გადაღებისას ის უნდა იყურებოდეს პირდაპირ კამერის ობიექტივის მიმართულებით.

5. პირს უნდა გადაეცეს წინასწარ მომზადებული დაფა და სურათის გადაღების წინ, იზოლატორის მოსამსახურე უნდა დარწმუნდეს, რომ იგი სრულად ხვდება კამერის ობიექტივში.

6. იზოლატორის მოსამსახურემ მოსათავსებელ პირს ხელი უნდა მოაწერინოს ელექტრონულ დაფაზე და ხელმოწერა ატვირთოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ხოლო ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.

2.7. უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა

1. ყველა იზოლატორში უნდა ინახებოდეს მოთავსებული პირის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხა, ასევე მისი საპროცესო უფლებების ჩამონათვალი, რომლებიც ნათარგმნია რამდენიმე ენაზე. იზოლატორში მოთავსებისას იზოლატორის ცვლის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა მოსამსახურე მოსათავსებელ პირს წერილობით გააცნობს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, საჩივრის შეტანის წესებს, შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე საპროცესო უფლებებს. პირს, უფლებების ნუსხის გასაცნობად, უნდა მიეცეს გონივრული ვადა, ხოლო გაცნობის შემდგომ უნდა ეთხოვოს, ხელი მოაწეროს ფურცელს. მოთავსებული პირის მხრიდან ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში ოქმზე იზოლატორის მოსამსახურის მიერ უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. თუ მოსათავსებელმა პირმა არ იცის სახელმწიფო ენა და არც ერთი სხვა ენა, რომელზეც თარგმნილია მოთავსებულ პირთა უფლებებისა და მოვალეობების ნუსხა, პირი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს თარჯიმნის მომსახურებით, რათა აღნიშნული ინფორმაცია მას მიეწოდოს მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე. ეს ნუსხა იზოლატორის მოსამსახურემ უნდა შეინახოს მოთავსებული პირის პირად საქმესთან ერთად, ხოლო მისი ასლი გადასცეს მას საკანში შესატანად.

2. იზოლატორში მოსათავსებელ წერა-კითხვის უცოდინარ, აგრეთვე უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს ამ მუხლის აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით. ყრუ-მუნჯს აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შესაბამისი ცოდნის მქონე თარჯიმნის მონაწილეობით. იზოლატორში მოსათავსებელ არასრულწლოვან პირს ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმით.

2.8. იზოლატორის საკანში პირის მოთავსების ზოგადი წესი

1. მოთავსების პროცედურების დასრულების შემდეგ პირი თავსდება საკანში, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სახე და სხვა ფაქტორები.

2. პირთა საკნებში განლაგებას განსაზღვრავს იზოლატორის უფროსი ან მისი არყოფნის შემთხვევაში – იზოლატორის ცვლის უფროსი. საკნებში პირთა მოთავსება ისე უნდა განხორციელდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც მათი, ასევე იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოება.

3. საკნებში ერთ მოთავსებულ პირზე მეტის განთავსებისას მოთავსებული პირები განლაგდებიან შემდეგი წესების დაცვით:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული პირები თავსდებიან სხვა საფუძვლით მოთავსებული პირებისაგან განცალკევებით;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად პატიმრობაშეფარდებული პირები თავსდებიან სხვა საფუძვლით მოთავსებული პირებისაგან განცალკევებით;

გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული პირები თავსდებიან სხვა საფუძვლით მოთავსებული პირებისაგან განცალკევებით;

დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად პატიმრობაშეფარდებული პირები თავსდებიან სხვა საფუძვლით მოთავსებული პირებისაგან განცალკევებით;

ე) საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელები თავსდებიან სხვა საფუძვლით მოთავსებული პირებისგან განცალკევებით;

ვ) მამაკაცები თავსდებიან ქალებისაგან განცალკევებით;

ზ) არასრულწლოვნები თავსდებიან სრულწლოვანი პირებისაგან განცალკევებით;

თ) ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირები იზოლატორში თავსდებიან ცალ-ცალკე; გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზეც;

ი) ორსული ქალები თავსდებიან სხვა მოთავსებული პირებისგან განცალკევებით;

კ) სხვა მოთავსებული პირებისგან განცალკევებით თავსდებიან საქართველოს სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები. აღნიშნული წესი ვრცელდება მითითებული უწყებების ყოფილ თანამშრომლებზეც.

4. საკნებში პირთა მოთავსებისას იზოლატორის მოსამსახურემ შეძლებისდაგვარად უნდა გაითვალისწინოს თამბაქოს მოხმარების საკითხი.

5. ერთ საკანში ორი ან მეტი პირის მოთავსებისას დამატებით უნდა მიექცეს ყურადღება შემდეგ გარემოებებს:

ა) იზოლატორში მოთავსების სავარაუდო ხანგრძლივობას;

ბ) ჩადენილი დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის ხასიათს;

გ) მოთავსებული პირის ქცევას;

დ) ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რისკებს;

ე) მოთავსებული პირის მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებას, რამაც იგი რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს;

ვ) კულტურულ განსხვავებასა და რელიგიურ მოთხოვნილებებს;

ზ) თავად მოთავსებული პირის ნებას.

6. ტრანსგენდერი პირები, რომელთა იდენტიფიცირებაც განხორციელდა, მიზანშეწონილია, განთავსდნენ სხვა პირებისაგან განცალკევებით.

7. შესაძლებლობის მიხედვით, სასურველია, არ მოხდეს თითოეულ საკანში იმ მომენტისათვის იზოლატორში მყოფ მოსამსახურეებზე მეტი პირის მოთავსება.

8. იზოლატორის უფროსი ან მისი არყოფნის შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსი უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება პირის განცალკევებით მოთავსების შესახებ.

2.9. საკანში არსებული პირობები

1. იზოლატორში არსებული საცხოვრებელი პირობები უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს მოთავსებული პირის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას, არ უნდა ხელყოფდეს მოთავსებული პირის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

2. მოთავსებულ პირზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა იზოლატორში არ უნდა იყოს 4 კვ.მ-ზე ნაკლები.

3. მოთავსებული პირის საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციითა და გათბობით.

4. მოთავსებულ პირს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და ნორმალური საძილე პირობების მოთხოვნების შესაბამისი საწოლი, ლეიბი და პლედი, რომლებიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირი დამატებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს თეთრეულით. საჭიროების შემთხვევაში იზოლატორის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით თეთრეული შეიძლება გადაეცეს იზოლატორში სხვა საფუძვლით მოთავსებულ პირსაც.

5. დაუშვებელია იზოლატორში დარღვევის აღმკვეთი ღონისძიების სახით პირის ბნელ საკანში მოთავსება, დასჯის, სასტიკი, არაადამიანური, ადამიანის ღირსების შემლახავი სხვა საშუალებების გამოყენება.

6. მოთავსებული პირის თვალთახედვის არეში არ უნდა იყოს ისეთი ნივთები, რომლებმაც შეიძლება მოთავსებულ პირს შეუქმნას შიშისა და დაძაბულობის განცდა, კერძოდ, ხელკეტი, ჯოხი, თუნდაც ყალბი ცეცხლსასროლი იარაღი ან დანა, მსხვილი ელექტროკაბელის ნაჭრები და სხვა.

7. საკანში შენარჩუნებული უნდა იყოს უსაფრთხო გარემო, არ შეიძლება იყოს რაიმე ბასრი საგანი და უნდა აღმოიფხვრას ყველა ის ფაქტორი, რამაც შეიძლება მოთავსებულ პირს საკუთარი თავის ან სხვა პირის დაზიანების საშუალება მისცეს.

8. იზოლატორის მოსამსახურე უნდა დარწმუნდეს, რომ პირის საკანში მოთავსებისას საკნის მდგომარეობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.

2.10.მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანა

1. მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანა ხდება:

ა) პროკურორის დადგენილების საფუძველზე იმ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, რომელთა ჩატარებაც იზოლატორში ტექნიკურად შეუძლებელია;

ბ) სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, სამედიცინო მუშაკის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;

გ) შესაბამის ჩანაცვლებით პროგრამაზე გადაყვანისას;

დ) სასამართლოში წარსადგენად;

ე) შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე;

ვ) იზოლატორში საგანგებო სიტუაციის არსებობისას.

2. მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანა ხდება მისი უშუალო დამკავებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე უშუალო დამკავებელი ორგანოს ან/და საჭიროების შემთხვევაში უშუალო დამკავებელი ორგანოს მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს მოთავსებული პირის იზოლატორიდან გაყვანის მიზეზი და იმ პირთა ვინაობა, ვინც განახორციელებს მის ბადრაგირებას. ბრალდებულის სასამართლოში გადაყვანის შემთხვევაში იზოლატორის მოსამსახურე ავსებს ბადრაგირებას დაქვემდებარებულ პატიმართა სიას, რომელიც თან მიაქვთ გამყვან, პასუხისმგებელ პირებს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირის მოთავსების შემდეგ დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დოკუმენტი კვლავ უბრუნდება იზოლატორის ადმინისტრაციას.

3. იზოლატორში საგანგებო სიტუაციის არსებობისას ან/და მოთავსებული პირისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობისას იზოლატორის უფროსი ან იზოლატორის ცვლის უფროსი მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის მიზნით მიმართავს იზოლატორის ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის რაიონულ ან საქალაქო დანაყოფს.

4. პირის იზოლატორიდან დროებით გადაყვანამდე უნდა მოხდეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად მისი სამედიცინო შემოწმება სამედიცინო მუშაკის მიერ.

3.რისკების შეფასება და მოთავსებულ პირებზე ზრუნვა

3.1. რისკების შეფასება პირის იზოლატორში მოთავსებისას

1. რისკების შეფასება გულისხმობს იმ რისკის გამოვლენას, რაც მოთავსებულმა პირმა შეიძლება შეუქმნას როგორც საკუთარ თავს, ასევე იზოლატორის მოსამსახურეებსა და იზოლატორში კანონიერი საფუძვლით მყოფ სხვადასხვა პირებს.

2. პირის იზოლატორში შეყვანისთანავე, იმ მიზნით, რომ დადგინდეს მისი მოწყვლადობის ხარისხი, იწყება რისკების შეფასება. იზოლატორის მოსამსახურეებმა უნდა გაითავისონ უშუალოდ დამკავებლისაგან მოპოვებული ინფორმაციის მნიშვნელობა.

3. რისკების შეფასებისას იზოლატორის მოსამსახურე უფლებამოსილია, მოთავსებულ პირს დაუსვას კითხვები მისი ზოგადი მდგომარეობის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად.

4. რისკების შეფასებისას იზოლატორის მოსამსახურემ საჭირო ინფორმაცია შეიძლება მიიღოს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის:

ა) თავად მოთავსებული პირი;

ბ) მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები;

გ) უშუალო დამკავებელი პირები;

დ) სამედიცინო მუშაკი;

ე) კანონიერი წარმომადგენლები;

ვ) სხვა მოთავსებული პირები;

ზ) დოკუმენტაცია, რომელიც მოთავსებულ პირს თან ახლავს;

თ) სხვადასხვა შესაბამისი ორგანიზაცია.

5. სხვა იზოლატორიდან გადმოყვანის შემთხვევაში პირის პირველად იზოლატორში მოთავსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა შემოწმდეს მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში მასზე არსებული ინფორმაცია.

6. იზოლატორის მორიგე გუშაგი ვალდებულია, იზოლატორის ცვლის უფროსს აცნობოს ყველა შემთხვევის შესახებ, როდესაც მას ეჭვი წარმოეშობამოთავსებული პირის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

7. იზოლატორის მოსამსახურემ არასრულწლოვანი ყოველთვის რისკის ქვეშ მყოფად უნდა მიიჩნიოს.

8. რისკფაქტორს შესაძლოა წარმოადგენდეს ის გარემოება, თუ:

ა) მოთავსებულ პირს არ აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი კეთილდღეობა, ქონება, უფლებები და ინტერესები;

ბ) მოთავსებული არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.

9. განსაკუთრებული ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილი პირების მიმართ, ასევე მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების მიმართ.

3.2. მოთავსებულ პირებზე ზრუნვა

1. მოთავსებულ პირებზე ზრუნვის პრინციპი გულისხმობს მოთავსებული პირის ყველა კანონიერი მოთხოვნის შესრულებას. თუ მისი დაკმაყოფილება მიეკუთვნება იზოლატორის ადმინისტრაციის კომპეტენციას, არ ეწინააღმდეგება იზოლატორის გამართულად ფუნქციონირებას და არ ემუქრება უსაფრთხოებას, უნდა შესრულდეს. იზოლატორის მოსამსახურემ პატივი უნდა სცეს მოთავსებული პირის ღირსებას.

2. იზოლატორში მოთავსებული პირისათვის დამკვიდრებული შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე მკაცრი, ვიდრე ეს კანონმდებლობით და აუცილებლობით არის განპირობებული.

3.3. იზოლატორში უსაფრთხოების დაცვის მიზნით ღონისძიებების განხორციელების წესი

1. მოთავსებული პირის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, იზოლატორში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, მოთავსებული პირის მიერ იზოლატორის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით მოთავსებული პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ხელბორკილის/შებორკვის საშუალების გამოყენება;

ბ) სხვა მოთავსებული პირებისაგან მისი განცალკევება;

გ) მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსება.

2. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება დასაშვებია მოთავსებული პირის დაწყნარებამდე, მაგრამ არაუმეტეს უწყვეტად 2 საათისა. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს მოთავსებული პირის მიერ საკუთარ სხეულზე ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსი ადგენს ოქმს, რომელშიც მიუთითებს შერჩეული ღონისძიების გამოყენების ადგილს, საფუძველს და ხანგრძლივობას. ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას. ხელბორკილებისა და შებორკვის სხვა საშუალებების გამოყენების დასრულების შემდგომ უნდა მოხდეს მოთავსებული პირის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრის უზრუნველყოფა.

3. თუ მოთავსებული პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან არსებობს ასეთი ქმედების განხორციელების საფრთხე, იგი შეიძლება მოთავსდეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში პირი მოთავსდება იზოლატორის სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო მუშაკის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, ვიდეომეთვალყურეობის კამერით, რომლის ხედვის არეც არ მოიცავს ტუალეტის ნიჟარას, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით. იმ იზოლატორში, სადაც არ არის სათანადოდ აღჭურვილი დეესკალაციის ოთახი, პირი თავსდება განცალკევებით და იზოლატორის ცვლის მორიგე გუშაგი ვალდებულია, მისი მდგომარეობის შემოწმების მიზნით მასზე განახორციელოს მუდმივი მეთვალყურეობა. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ პირის მოთავსებისთანავე დგება სათანადო დოკუმენტი და გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერები პირის მდგომარეობის შესახებ. იზოლატორის მოსამსახურეს, რომელიც მუდმივ მეთვალყურეობას ახორციელებს, არ შეიძლება დაევალოს რაიმე სხვა ფუნქციის შესრულება. იზოლატორის უფროსი უნდა დარწმუნდეს, რომ შესაბამისი მოსამსახურე აცნობიერებს მუდმივი მეთვალყურეობის სწორად წარმართვის საჭიროებასა და მნიშვნელობას საფრთხის თავიდან აცილების პროცესში.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.

5. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება მოთავსებული პირის დასჯის მიზნით.

4. უსაფრთხოება და სამორიგეო ცვლის გადაბარება

4.1. საგუშაგო რეჟიმის დაცვა

1. დერეფნებში, სადაც განთავსებულია საკნები, საგუშაგოს იცავს იზოლატორის მორიგე გუშაგი.

2. იზოლატორის მორიგე გუშაგის საგუშაგოზე შესვლის და გამოსვლის დრო, ისევე როგორც ვინაობა, იწერება საგუშაგო უწყისში.

3. იზოლატორის მორიგე გუშაგს ევალება, დაიცვას საგუშაგო და დროული რეაგირება მოახდინოს საკნებში მომხდარ ნებისმიერ ინციდენტზე.

4. იზოლატორის მორიგე გუშაგი ვალდებულია თვალყური ადევნოს, რომ მოთავსებულმა პირმა არ დააზიანოს იზოლატორში არსებული მოწყობილობანი და ინვენტარი ან/და არ მიიყენოს თვითდაზიანება.

5. იზოლატორის მორიგე გუშაგმა 5 (ხუთი) წუთის ინტერვალით უნდა შეამოწმოს საკნებში არსებული მდგომარეობა საკნების კარების/სარკმლების დახმარებით.

6. იზოლატორის მოსამსახურეს საგუშაგოზე ყოფნის დროს ეკრძალება:

ა) ძილი;

ბ) ჯდომა;

გ) კითხვა;

დ) წერა;

ე) სტვენა;

ვ) სიმღერა;

ზ) საკვების მიღება;

თ) საგუშაგოს მიტოვება შეცვლის გარეშე;

ი) მობილური ტელეფონით სარგებლობა;

კ) მოთავსებულ პირთან საუბარი, რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

ლ) სიგარეტის მოწევა.

7. იზოლატორის მორიგე გუშაგი სამორიგეო ცვლის გადაბარების დროს ვალდებულია, შემცვლელს მოახსენოს საჭირო ინფორმაცია და ყველა კონკრეტული ფაქტი, რაც საგუშაგოზე მისი ყოფნის პერიოდში მოხდა.

8. იზოლატორის მორიგე გუშაგი ვალდებულია, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მოთავსებული პირის კანონიერ მოთხოვნებზე და აღნიშნულის შესახებ მოახსენოს ხელმძღვანელობას.

9. იზოლატორის მორიგე გუშაგი საგუშაგოდან შეცვლისას უნდა დარწმუნდეს, რომ იგი ჩაანაცვლა იზოლატორის სხვა მოსამსახურემ, რის შემდეგაც ხელს აწერს საგუშაგო უწყისს.

4.2. საკანში მოთავსებული პირების მდგომარეობის შემოწმება იზოლატორის მორიგე გუშაგის მიერ

1. მოთავსებული პირების მდგომარეობის დადგენის მიზნით, 5 წუთში ერთხელ ვიზუალური კონტროლის გარდა სასურველია, პერიოდულად განხორციელდეს მათთან გასაუბრება, რაც გამოიხატება მათთვის საკნის კარის სარკმლიდან კითხვის დასმაში და მათგან შესაბამისი პასუხის მიღებაში.

2. გასაუბრება სასურველია მოხდეს საათში ერთხელ, ძილის დროის გამოკლებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იზოლატორის მოსამსახურეს აქვს გონივრული საფუძველი, გააღვიძოს მოთავსებული პირი მისივე მდგომარეობის გადამოწმების მიზნით. აღნიშნული გასაუბრება არ შეიძლება ჩატარდეს, თუ არსებობს სამედიცინო მუშაკის დასკვნა, რომ პირის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია უწყვეტი ძილი და რეკომენდებული არ არის მისი ხშირად შეფხიზლება.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საკნის კარის სარკმლიდან ვერ ხერხდება პირის შეფხიზლება და მისგან საჭირო პასუხის მიღება, იზოლატორის მოსამსახურე უნდა შევიდეს საკანში მოთავსებული პირის მდგომარეობის დასადგენად. საკანში შესვლამდე საჭიროა შეფასებულ იქნეს რისკი, რა დროსაც ყურადღება ექცევა იქ მყოფი პირების ადრინდელ ქცევას და იზოლატორში იმ დროისათვის მყოფი მოსამსახურეების რაოდენობას. აუცილებელია საკანში შესვლამდე მორიგე გუშაგმა დაუძახოს იზოლატორის სხვა მოსამსახურეს.

4. საკანში შესვლის შემდეგ, მოთავსებული პირის მდგომარეობის დასადგენად სასურველია, იზოლატორის მოსამსახურემ განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) სიფხიზლის შესამოწმებლად უნდა შევიდეს საკანში, მიმართოს მოთავსებულ პირს სახელით და შეეხოს მას ფრთხილად;

ბ) კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემის უნარის დადგენის მიზნით მოთავსებულ პირს უნდა დაუსვას შესაბამისი კითხვები და გააანალიზოს მიღებული პასუხები;

გ) ქმედებათა შესრულების უნარის შესამოწმებლად უნდა დაადგინოს, შეუძლია თუ არა მოთავსებულ პირს შეასრულოს შემდეგი ქმედება:

  • გაახილოს თვალები;
  • ასწიოს ხელი, შემდეგ მეორე ხელი.

5. იზოლატორის მოსამსახურეს უნდა ახსოვდეს, რომ შესაძლებელია მოთავსებულ პირს ჰქონდეს რაიმე დაავადება, დაზიანება ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. მოთავსებულ პირს, რომელიც მთვლემარე მდგომარეობაშია და ალკოჰოლის სუნი ასდის, შეიძლება ასევე სჭირდეს:

ა) დიაბეტი;

ბ) ეპილეფსია;

გ) თავის ტრამვა;

დ) ნარკოტიკული საშუალების ზედმეტი დოზით მოხმარება;

ე) ინსულტი.

4.3. იზოლატორისუფროსისმოვალეობები

1. იზოლატორის უფროსის მოვალეობები განსაზღვრულია იზოლატორების ტიპური დებულებით.

2. იზოლატორის უფროსი ვალდებულია, მუდმივად ფლობდეს ინფორმაციას მოთავსებულ პირთა მდგომარეობის და მათი უსაფრთხოების შესახებ.

3. იზოლატორის უფროსი აკონტროლებს სამორიგეო ცვლის გადაბარების პროცესის სათანადოდ განხორციელებას, ამოწმებს ამ პროცესში იზოლატორის მოსამსახურეთა შორის ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლას და სამორიგეო ცვლის გადაბარების დასრულების შემდეგ ახორციელებს საკნების შემოწმებას. იზოლატორის უფროსმა ცვლების გადაბარებისას უნდა უზრუნველყოს, რომ საკნის შემოწმება მოხდეს სრულყოფილად, დადგენილი წესის შესაბამისად.

4. იზოლატორის უფროსმა უნდა უზრუნველყოს, რომ იზოლატორის ყველა მოსამსახურემ იცოდეს პირველადი დახმარების აღჭურვილობის, ასევე უსაფრთხოების მოწყობილობის ადგილსამყოფელი, ხანძრის საევაკუაციო გეგმა და სათანადო პროცედურების განხორციელება აღნიშნულ გარემოებებში.

4.4. ცვლის გადაბარება და თათბირი

1. იზოლატორის ცვლის უფროსი ვალდებულია, ფლობდეს სრულ ინფორმაციას იზოლატორში მყოფი მოსამსახურეებისა და მოთავსებული პირების შესახებ, რათა უზრუნველყოს მათი კეთილდღეობის დაცვა. იზოლატორის ყველა მოსამსახურემ ცვლის უფროსს უნდა შეატყობინოს ნებისმიერი ინფორმაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მოთავსებულ პირთა მდგომარეობაზე. იზოლატორის ცვლის უფროსი ვალდებულია, იზოლატორის უფროსს შეატყობინოს საკნებში არსებული მდგომარეობისა და მოთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

2. მნიშვნელოვანია, ცვლის ჩაბარებისა და გადაბარების დროს მოეწყოს შესაბამისი თათბირი ცვლებს შორის, რათა განხორციელდეს საჭირო ინფორმაციის მიმოცვლა, იზოლატორში არსებული მდგომარეობის შეფასება და რისკის ანალიზი.

3. ცვლის გადაბარებას უნდა დაეთმოს საკმარისი დრო და ამ პერიოდში უნდა მოხდეს ყველა მოთავსებული პირის მონახულება ცვლის ჩამბარებელი და მიმღები მოსამსახურეების მიერ, ასევე საკნების შესაბამისი წესით შემოწმება.

4. ცვლის გადაბარების პროცესში იზოლატორის მოსამსახურეთა მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს მოთავსებული პირის სხეულზე ახლად მიღებული დაზიანებების არსებობას. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება მსგავსი დაზიანებები, უნდა მოხდეს გასაუბრება თავად ამ პირთან, ასევე თანამესაკნესთან (არსებობის შემთხვევაში). ფაქტის შესახებ იზოლატორის მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი, ხოლო თავად პირის შემოწმება უნდა მოხდეს სამედიცინო მუშაკის მიერ.

4.5. საკნის შემოწმების წესი

1. იზოლატორის საკნების შემოწმება ხორციელდება იზოლატორის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურის ხელმძღვანელობით, იზოლატორის მოსამსახურეების მიერ ყოველ დილით სამორიგეო ცვლის გადაბარებისას, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – იზოლატორის უფროსის დავალებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე. შემოწმების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალება.

2. ცვლის გადაბარების დროს საკნების რუტინული შემოწმებისას უნდა მოხდეს ყველა მოთავსებული პირის საკნიდან გამოყვანა, რა დროსაც მოსამსახურე უფლებამოსილია, შეამოწმოს მოთავსებული პირი. საკანში უნდა შევიდეს იზოლატორის მოსამსახურე და უზრუნველყოს საკნის დეტალურად დათვალიერება. იზოლატორის მოსამსახურემ საკნის შემოწმებისას უნდა გამოიტანოს ყველა ის ნივთი, რომლის საკანში ქონაც არ არის ნებადართული იზოლატორის შინაგანაწესის მიხედვით.

3. საკნის შემოწმების დროს სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში ნივთი ილუქება შესაბამისი წესით, დგება ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება გამომძიებელსა და პროკურორს.

4. მოთავსებულ პირს ჩამოერთმევა შემოწმებისას აღმოჩენილი ის ნივთები, რომლებიც იზოლატორის შინაგანაწესის მიხედვით არ არის ნებადართული საკანში შესანახად. აღნიშნული ნივთები ინახება იზოლატორში საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მოთავსებული პირის სხვა პირად ნივთებთან ერთად და მათი სრულად დაბრუნება ხდება პირის იზოლატორიდან გასვლისას ან გათავისუფლებისას.

5. თუ იზოლატორის საკნების შემოწმებისას იზოლატორის მოსამსახურე დააფიქსირებს საკნის ან/და საკანში არსებული ინვენტარის დაზიანების ფაქტს, იგი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე შეადგინოს შესაბამისი ოქმი. სასურველია მოხდეს დაზიანების ფოტოგრაფირება და გადაღებული მასალა დაერთოს ოქმს.

6. დაზიანების აღმოჩენის მიზნით უნდა შემოწმდეს ლეიბი და საბანი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე აღმოჩდება დაზიანებული, უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ შეცვლა.

7. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ ადგილებს, სადაც მოთავსებულ პირს შეუძლია რაიმეს გამობმა ან ჩამოკიდება. გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ სუიციდის მცდელობისათვის საკნებში მოთავსებული პირები ყველაზე ხშირად იყენებენ შემდეგ საგნებს:

ა) ძველი ხის სკამებს;

ბ) ვენტილაციის ან გათბობის სისტემებს, რომლებიც ცუდად არის განთავსებული ან/და ნახვრეტებს შორის არის დიდი დაშორება (ასეთად ჩაითვლება ორ მილიმეტრზე მეტი დიამეტრის მქონე ნახვრეტები);

გ) საპირფარეშოს, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული კედელთან ან იატაკთან და დატოვებულია მანძილი;

დ) შედუღება კარებსა და საწოლებს ირგვლივ, რომელიც ქმნის ბასრ კუთხეებს ან/და ტოვებს დაშორებას რკინის ორ ნაჭერს შორის;

ე) ცუდად დამაგრებული კარი, რომელიც ტოვებს რაიმეს ჩამოკიდების საშუალებას;

ვ) საკნის სარკმლები, რომლებიც დეფექტურია ან არ არის სათანადოდ დახურული;

ზ) განათება, რომელიც არ არის სათანადოდ დამონტაჟებული, იძლევა რაიმეს დამაგრების საშუალებას, ასევე შესაძლებელია ელექტროენერგიაზე წვდომა ან ნათურამდე მიღწევა;

თ) კედელი და ჭერი, რომელსაც ამძვრალი აქვს ცემენტის ნაწილი;

ი) გამოსაძახებელი ღილაკები ან ტუალეტის ჩასარეცხი სისტემები, რომლებიც არასათანადოდაა დამონტაჟებული;

კ) კარის სათვალთვალო ლინზა, რომელიც ადვილად შეიძლება ჩაიმტვრეს ან ამოვარდეს.

8. იმ შემთხვევაში, როდესაც პირს გადაწყვეტილი აქვს თვითდაზიანების მიყენება, იგი ყველა ღონეს გამოიყენებს მიზნის მისაღწევად. ისეთი ნივთები, როგორიც არის ლეიბი და პლედი, ყოველდღიურად უნდა შემოწმდეს, რათა არ იყოს დაზიანებული და შემდგომ გამოყენებულ იქნეს თვითდაზიანებისათვის.

9. იმისათვის, რომ პირმა შეძლოს სუიციდის განხორციელება ჩამოხრჩობით, ძირითად შემთხვევაში მას სჭირდება ორი რამ: ერთი თავად მარყუჟი და მეორე სამაგრი. ერთი ან ორივე ელემენტის საკნიდან გატანით იზოლატორის მოსამსახურე ამცირებს სუიციდის რისკს.

10. იზოლატორის მოსამსახურეებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოწმებას ახორციელებენ, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ ჩამოსაკიდი ადგილები შეიძლება იყოს როგორც სიმაღლეზე, ასევე დაბლაც. მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სახე, მაგალითად მილი, გამოწეული რკინა, დაშორება სკამებს შორის ან/და დაშორება კედელსა და საწოლს შორის.

11. უხარისხოდ შესრულებულმა სარემონტო სამუშაომაც შეიძლება წარმოშვას ჩამოსაკიდი ადგილები. იზოლატორში სამუშაოები უნდა ჩატარდეს პროფესიონალების მიერ იმ მასალებით, რომლებიც გათვალისწინებულია სპეციალური სიტუაციისათვის. როდესაც იზოლატორის მოსამსახურის მიერ მოხდება ასეთი ადგილის ამოცნობა, საკანი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს ექსპლუატაციიდან, სანამ ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი.

4.6. იზოლატორში კანონიერი საფუძვლით მყოფი პირების უსაფრთხოება

1. იზოლატორში კანონიერი საფუძვლით შეიძლება იმყოფებოდეს მოთავსებული პირის ადვოკატი, პროკურორი, გამომძიებელი, საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა პირები. იზოლატორის მოსამსახურეებმა უნდა უზრუნველყონ იზოლატორში კანონიერი საფუძვლით მყოფი ყველა პირის უსაფრთხოება.

2. საგამოძიებო ოთახში, პირის შესვლამდე უნდა მოხდეს მისი მეტალოდეტექტორით შემოწება. მეტალოდეტექტორით ასევე მოწმდება მოთავსებული პირი საგამოძიებო ოთახში შესვლამდე და გამოსვლის შემდგომ.

3. იზოლატორის მოსამსახურემ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა საგამოძიებო ოთახებში რაიმე სახის ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, ისე, რომ არ დაირღვეს საგამოძიებო ოთახებში მიმდინარე შეხვედრების კონფიდენციალურობა.

4. საგამოძიებო ოთახებში მიმდინარე შეხვედრის დროს იზოლატორის მოსამსახურე მუდმივად უნდა იმყოფებოდეს ოთახებთან ახლოს, თუმცა დაუშვებელია განახორციელოს შეხვედრაზე ვიზუალური ზედამხედველობა ან საუბრის შინაარსის მოსმენა.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც იზოლატორის მოსამსახურეს წარმოეშობა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საგამოძიებო ოთახში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს რაიმე სახის ინციდენტს, მას მხოლოდ გაფრთხილების (დაძახება ან/და კარზე დაკაკუნება) შემდგომ შეუძლია შეამოწმოს საგამოძიებო ოთახი. მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ საგამოძიებო ოთახში მყოფ პირებს საფრხე არ ემუქრებათ, იგი კვლავ უნდა დაუბრუნდეს საწყის პოზიციას და უზრუნველყოს შეხვედრის კონფიდენციალურობის დაცვა.

6. იზოლატორში ცეცხლსასროლი იარაღით/მობილური ტელეფონით მისულმა პირებმა აღნიშნული ნივთი უნდა შეინახონ სპეციალურ რკინის კარადაში, ხოლო კარადის გასაღები იქონიონ თან.

5. სამედიცინო მომსახურებისა და ექსტრემალური სიტუაციების დროს მოქმედების წესი

5.1. სამედიცინო მომსახურების ზოგადი წესი

1. მოთავსებული პირისთვის იზოლატორში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 24-საათიანი სამედიცინო მომსახურება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. იმ იზოლატორში, რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, სამედიცინო მომსახურების გასაწევად გამოძახებულ იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

2. მოთავსებული პირის და სამედიცინო მუშაკის შეხვედრა უნდა ჩატარდეს კონფიდენციალურად, საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე, იზოლატორის მოსამსახურეთა მხრიდან მიყურადების გარეშე და მათი თვალთახედვის არის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამედიცინო მუშაკი თავად მიიჩნევს აუცილებლად იზოლატორის სხვა მოსამსახურეთა დასწრებას აღნიშნულ პროცედურაზე.

3. სამედიცინო მუშაკმა უნდა იმოქმედოს პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვით, პროფესიული დამოუკიდებლობის შენარჩუნებით.

4. მოთავსებულ პირს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს, იზოლატორში მოთავსების მთელი პერიოდის განმავლობაში მოითხოვოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება, ასევე აღნიშნული შემოწმების ჩატარების მიზნით საკუთარი ხარჯებით მოიწვიოს ექსპერტი.

5. ეს წესები ვრცელდება ასევე მოთავსებული პირის მიერ არჩეული ექიმის მხრიდან განხორციელებულ შემოწმებაზეც.

5.2. სამედიცინო მომსახურების პროცედურა

1. იმ შემთხვევაში, თუ მოთავსებული პირი უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან გამოვლინდება ავადობის აშკარა ნიშნები, იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იგი სამედიცინო პუნქტში ან გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რათა მიიღოს დასკვნა ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ან მკურნალობის კურსის იზოლატორში ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. იმ იზოლატორში:

ა) რომელშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმაში ჩანაწერს აკეთებს დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის სამედიცინო განათლებისა და შესაბამისი სერტიფიკატის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე;

ბ) რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ჩანაწერს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აკეთებს იზოლატორის მოსამსახურე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად.

2. თუ მოთავსებული პირი საჭიროებს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომლის გაწევაც სამედიცინო მუშაკის შეფასებით იზოლატორში შეუძლებელია, იგი იგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ჩაითვლება იზოლატორში მოთავსების საერთო ვადაში. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მოთავსებული პირი მკურნალი ექიმის დასკვნით ბრუნდება იზოლატორში, თუ გასული არ არის პირის იზოლატორში მოთავსების ვადა.

3. იმ მოთავსებული პირისათვის, რომელიც იზოლატორში გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამკურნალო საშუალებები. სამკურნალო საშუალებების მიწოდებას მოთავსებული პირისათვის ახორციელებს სამედიცინო მუშაკი. აგრეთვე მედიკამენტოზური მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი დანიშნულებისა და რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში მოთავსებულ პირს აქვს ქარხნული წესით დალუქული სამკურნალო საშუალების ამანათის სახით მიღების უფლება. აღნიშნული მედიკამენტები ინახება მოთავსებული პირის პირად ნივთებთან ერთად და მის მიწოდებას მოთავსებული პირისათვის ახორციელებს სამედიცინო მუშაკი დანიშნულების შესაბამისად.

4. ღია ჭრილობის მქონე, ალკოჰოლით, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ძლიერი ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფი პირები გადაყვანილი უნდა იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურების აღმოსაჩენად. ამ შემთხვევაში პირისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ინტერესი უპირატესია პირის იზოლატორში მოთავსების ინტერესთან მიმართებაში.

5. თუ სამედიცინო მუშაკი საჭიროდ არ მიიჩნევს მოთავსებული პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, მაშინ იზოლატორის მოსამსახურე სამედიცინო მუშაკისაგან იღებს საჭირო ინფორმაციას მოთავსებული პირის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნულის შესახებ აცნობებს იზოლატორის უფროსს. საჭიროების შემთხვევაში იზოლატორის მოსამსახურემ სამედიცინო მუშაკისაგან შესაძლებელია მიიღოს წერილობითი ინსტრუქტაჟი მოთავსებულ პირთან მოპყრობის წესის შესახებ, რაც ასევე უნდა შეატყობინოს იზოლატორის უფროსს.

6. იმ შემთხვევაში, როცა მოთავსებულ პირს აქვს სამედიცინო ხასიათის პრობლემები, კერძოდ, დიაბეტი, ეპილეფსია, გადამდები დაავადებები, ასთმა, აუცილებელია იზოლატორის უფროსს ჰქონდეს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სამედიცინო მუშაკი და ასეთი მოთავსებული პირი უზრუნველყოს ადეკვატური საკვებითა და მედიკამენტებით, მათ შორის, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევით. ამასთან, გასათვალისწინებელია ასეთი პირის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული პირი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე გადაყვანილი უნდა იქნეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

5.3. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია

1. იზოლატორის მოსამსახურეებმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მოთავსებულ პირთან მოპყრობისას უნდა გაითავისონ, რომ:

ა) ძლიერი ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად არსებობს მოთავსებული პირის გარდაცვალების რისკი;

ბ) არასრულწლოვნისათვის ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებისაგან მომდინარე რისკი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სრულწლოვნისათვის;

გ) ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიეწოდოს საკვები ან წამალი დასალევად. პირისათვის საკვების შეთავაზება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ალკოჰოლის მოქმედება შემცირდება.

2. მოთავსებულ პირს უნდა შეეძლოს საკნამდე დახმარების გარეშე მისვლა და თავის თავზე ინფორმაციის გადმოცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო მუშაკის გამოძახება, მით უფრო, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირები თვითდაზიანების მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

3. თავის დახურული ტრავმის მქონე ან/და დიაბეტით დაავადებული პირები, ასევე პირები, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ ჭარბი დოზით, იზოლატორის მოსამსახურემ შესაძლოა ჩათვალოს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფად, შესაბამისად, მან უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მოთავსებული პირის მდგომარეობის შეფასებისას.

4. იზოლატორში სამედიცინო მუშაკის არყოფნის დროს იზოლატორის მოსამსახურეებს შეიძლება მოუწიოთ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება, რაც შეიძლება გამოიხატოს შემდეგში:

ა) ჰიპოთერმიისას (სხეულის ტემპერატურის უეცარი ვადნა) – სველი ტანისამოსის მოცილება და იზოლატორში მოთავსებული პირისათვის შესაბამისი მშრალი სამოსის მიწოდება, პირის იატაკზე/მატრასზე მოთავსება და პლედით მისი გათბობა;

ბ) ღებინებისას – პირის უსაფრთხო პოზიციაში მოთავსება, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება რამდენჯერმე გახდეს საჭირო პირის გადაბრუნება;

გ) ჰიპოგლიკემიისას (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) – პირს ამ შემთხვევაში მიეწოდება ტკბილი სასმელი და საკვები წყალთან ერთად. ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება. ჰიპოგლიკემია უფრო მოსალოდნელია განვითარდეს ახალგაზრდა ან/და ინსულინდამოკიდებული მოთავსებული პირების შემთხვევაში, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გადაყვანილი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

5. თუ ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირი დაკარგავს გონს, იგი უნდა მოთავსდეს უსაფრთხო პოზიციაში (ცალ მხარეს ან მუცელზე) და მონიტორინგი გაეწიოს სუნთქვის და პულსის მაჩვენებლებს. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. თუ სუნთქვა ან პულსი შეწყდება, იზოლატორის მოსამსახურემ იგი უნდა დააწვინოს მყარ ზედაპირზე, შემდეგ გაუსუფთაოს სასუნთქი გზები და დაიწყოს გულ-ფილტვის რეანიმაცია.

6. არსებობს კონკრეტული მდგომარეობა, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირის შეფხიზლებისა და საკანში შემოწმების დროს, კერძოდ:

ა) როდესაც ვეღარ ხერხდება პირის ადვილად შეფხიზლება, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს რაიმე დაუდგენელ ჯანმრთელობის პრობლემას, მაგალითად, როგორიცაა ინსულტი;

ბ) როდესაც ადგილი აქვს ჩუმ ხვრინვას, რაც შეიძლება რისკის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იყოს, იზოლატორის მოსამსახურემ მოთავსებული პირი უნდა შეაფხიზლოს და შეამოწმოს მინიმუმ 30 წუთში ერთხელ, მანამ, სანამ იგი გამართულად საუბარს არ შეძლებს;

გ) თუ გამოფხიზლებისას მოთავსებული პირის საუბარი ხდება გაუგებარი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამედიცინო მუშაკის გამოძახება.

5.4. ნარკოტიკული საშუალების მოხმარება

1. იზოლატორის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურე უნდა დარწმუნდეს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ყველა პირი საკანში მოთავსებამდე სათანადოდ არის შემოწმებული სამედიცინო მუშაკის მიერ.

2. ნებისმიერი პირი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას საკანში მოთავსების პერიოდში.

3. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების გარდა, პირი შეიძლება ასევე იყოს ალკოჰოლური თრობის ქვეშაც, რაც ემატება უკვე არსებულ გართულებულ მდგომარეობას და სერიოზულად ზრდის გარდაცვალების რისკს, თუ იზოლატორის მოსამსახურეთა მხრიდან დროულად არ იქნა გატარებული სათანადო ღონისძიებები.

4. ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებამ იზოლატორში ყოფნის პერიოდში შეიძლება შეუქმნას საფრთხე ამ მოთავსებული პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. განსაკუთრებული რისკის შემცველია:

  • გადაჭარბებულად მოხმარება – ასეთ შემთხვევაში სიმპტომები შესაძლებელია არც კი იყოს შესამჩნევი იზოლატორში შემოყვანის დროს და მდგომარეობა მოგვიანებით დამძიმდეს;
  • გადაყლაპვა ან სხეულში დამალვის შემთხვევა;
  • ნარკოტიკის ალკოჰოლთან ერთად მოხმარება;
  • ნარკოტიკის მოხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირის მიერ.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც არის ინფორმაცია ან დასაბუთებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მოთავსებულმა პირმა ნარკოტიკული საშუალება გადაყლაპა, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. ასეთი პირის იზოლატორში დატოვება დაუშვებელია. ნარკოტიკული საშუალებების გადაყლაპვა ან სხეულში დამალვა საკმაოდ გავრცელებულია ნარკოტიკებით მოვაჭრეთა შორის. აღნიშნულ პრაქტიკას ხშირად მიმართავენ პოლიციისაგან ნივთიერების დასამალად. ნარკოტიკული ნივთიერების გადაყლაპვისაგან მომდინარე რისკი განსხვავდება თავად ნივთიერების სახეობიდან, რაოდენობიდან და შეფუთვიდან გამომდინარე.

6. ინტოქსიკაცია გამოიხატება შემდეგ სიმპტომებში:

  • კოკაინის მოხმარებისას – აჟიტირება, გაფართოებული გუგები, კრუნჩხვა, აწეული სხეულის ტემპერატურა, აჩქარებული პულსი და ტკივილი მკერდის არეში. ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს არითმიასაც;
  • ჰეროინის მოხმარებისას – გულისრევის შეგრძნება, დავიწროვებული გუგები (ქინძისთავისებური გუგა), ქუთუთოების დახურვა, სუნთქვის უკმარისობა, ლეთარგია, ძილიანობა და შეფხიზლების გახანგრძლივებული პერიოდი, ცნობიერების დარღვევა;
  • კანაბისის მოხმარებისას – აღგზნებადობა, ჰალუცინაციები და ცნობიერების დარღვევა;
  • ამფეტამინების მოხმარებისას – გულისრევის შეგრძნება, გაფართოებული გუგები, აჩქარებული პულსი, ოფლიანობა და კრუნჩხვა.

5.5. უეცარი კოლაფსი

უეცარი კოლაფსის შემთხვევაში აუცილებელია, იზოლატორის მოსამსახურემ დაიცვას შემდეგი პროცედურები:

  • დაუკავშირდეს სამედიცინო მუშაკს;
  • განათავსოს პირი უსაფრთხო პოზიციაში;
  • მონიტორინგი გაუწიოს სუნთქვისა და პულსის მაჩვენებლებს;
  • თუ პირის პულსი ან სუნთქვა შეწყდება, იგი უნდა გადააბრუნოს ზურგზე, აუწიოს ნიკაპი, რათა გაიხსნას სასუნთქი გზები;
  • თუ სუნთქვა ან/და გულის ცემა შეწყდება და იზოლატორის მოსამსახურეს აქვს შესაძლებლობა და შესაბამისი ცოდნა, მან უნდა დაიწყოს გულ-ფილტვის რეანიმაცია;
  • პირი უნდა იყოს მუდმივი დაკვირვების ქვეშ, სანამ ადგილზე არ გამოცხადდება სამედიცინო მუშაკი, იზოლატორის მოსამსახურე უნდა ესაუბროს მას ისე, რომ მოთავსებულმა პირმა შეძლოს პასუხის გაცემა, დააკვირდეს მოთავსებული პირის განწყობას, გონიერების სიცხადეს და მეტყველების უნარს;
  • შეაფხიზლოს მოთავსებული პირი ყოველ 15 წუთში ერთხელ, თუ სამედიცინო მუშაკი არ გასცემს სხვაგვარ მითითებას;
  • მოახსენოს იზოლატორის უფროსს მოთავსებული პირის მდგომარეობის უმცირესი ცვლილებების შესახებ.

5.6. სუიციდი დათვით დაზიანება

1. სუიციდის და თვითდაზიანების რისკი განსაკუთრებით დიდია იზოლატორში პირის ყოფნის პერიოდში.

2. სუიციდის ან თვითდაზიანების მაღალი რისკის არსებობა შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგი ფაქტორების არსებობისას:

  • ფსიქიკური ავადმყოფობა, დეპრესიის ჩათვლით, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება, პიროვნული აშლილობა, ანორექსია და შიზოფრენია;
  • სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა და იზოლაცია – სტუდენტები, უსახლკაროები, ემიგრანტები, ხანში შესული პირები და დევნილები არიან კონკრეტული რისკის ქვეშ;
  • უმუშევრობა;
  • წარსულში არსებული თვითდაზიანების შემთხვევები;
  • ქრონიკული ტკივილები ან დაავადება;
  • სუიციდის ან/და ფსიქიკური აშლილობის შემთხვევები ოჯახში;
  • ახლობლის გარდაცვალება, განქორწინება, მიტოვება;
  • უარყოფითი გამოცდილება ბავშვობაში;
  • ცუდი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის;
  • მშობლების განქორწინება;
  • მშობლების ფსიქიკური დაავადება.

3. სუიციდისა და თვითდაზიანების საფრთხის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს თავად მოთავსებული პირის პიროვნულ მახასიათებლებს, ასევე მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ან/და სამართალდარღვევის ხასიათს. აღნიშნული საფრთხე იზრდება შემდეგ შემთხვევებში:

  • დაკითხვის შემდეგ;
  • ბრალის წარდგენის შემდეგ;
  • ახალი ბრალის წაყენების შემდეგ;
  • ნათესავების ვიზიტის შემდეგ;
  • გათავისუფლებაზე უარის თქმის შემდეგ.

4. კანის ბასრი საგნით დაზიანება წარმოადგენს თვითდაზიანების ყველაზე გავრცელებულ ფორმას. თვითდაზიანების სხვა ფორმები შეიძლება იყოს კანის ამოწვა, განსაკუთრებით სიგარეტის მეშვეობით, საკუთარი თავის ცემა ხელით ან რაიმე საგნით, კანის დაკაწვრა, თმების ამოძრობა და ძვლების დამტვრევა. სირცხვილის განცდა აიძულებს ასეთ პირს, დამალოს თვითდაზიანება, შესაბამისად, იზოლატორის მოსამსახურეებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება ასეთი პირის იდენტიფიცირებისათვის.

5. თვითდაზიანების შემთხვევაში იზოლატორის მოსამსახურის მიერ უნდა შედგეს სათანადო ოქმი, სადაც სრულად მიეთითება დეტალები თვითდაზიანების შესახებ, ასევე თვითდაზიანების სავარაუდო მიზეზი.

5.7. შაქრიანი დიაბეტი

1. იზოლატორის მოსამსახურემ უნდა შეძლოს შაქრიანი დიაბეტის ამოცნობა სიმპტომების და ნიშნების დახმარებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა. ინსულინდამოკიდებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა ბევრად უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს იზოლატორში მოთავსების პერიოდში, ვიდრე ინსულინის მკურნალობაზე არმყოფი დიაბეტით დაავადებული პირისა.

2. იზოლატორის მოსამსახურემ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

  • დიაბეტით დაავადებული პირის იზოლატორში მოთავსებამდე იზოლატორის უფროსმა ან მის მიერ უფლებამოსილმა მოსამსახურემ უნდა შეამოწმოს, არის თუ არა ადგილზე ინსულინის მარაგი ან/და მოხდება თუ არა მისი ოჯახის წევრების მიერ მოწოდება;
  • დოზები და წამლის მიცემის გრაფიკი დადგენილი უნდა იყოს სამედიცინო მუშაკის მიერ და იზოლატორის უფროსმა ან მის მიერ უფლებამოსილმა მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს სამედიცინო მუშაკთან პირის დროული შეხვედრა;
  • იზოლატორის უფროსმა პირის მდგომარეობა და იზოლატორში მოთავსების შესაძლებლობა უნდა განიხილოს სამედიცინო მუშაკთან;
  • პირს საათობრივად უნდა მიეწოდოს საკვები.

3. იზოლატორის მოსამსახურემ უნდა გაითავისოს, რომ შაქრიანი დიაბეტის მართვა ახალგაზრდებში გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ზრდასრულებში.

4. თუ პირი უარს ამბობს ინსულინის მისაღებად სამედიცინო მუშაკთან გამოცხადებაზე, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის სამედიცინო მუშაკს.

5. სისხლში შაქრის დაბალმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესია, დაბნეულობა, ქცევის ცვალებადობა, მანამ, სანამ ადგილი ექნება ცნობიერების დაკარგვას და თავის ტვინის დაზიანებას. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პირმა შესაძლოა ატაროს სპეციალური სამაჯური ან ყელსაბამი, სადაც წერია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სისხლში შაქრის შემცველობის შემცირებისას პირმა შეიძლება განიცადოს ჰიპოგლიკემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონიერების დაკარგვა და კრუნჩხვა. ხოლო თუ სისხლში შაქრის შემცველობა იქნება მაღალი დიდი ხნის განმავლობაში, პირმა შეიძლება განიცადოს ჰიპერგლიკემია, რაც ასევე გონიერების დაკარგვას გამოიწვევს.

6. ჰიპოგლიკემიის ნიშნები, სიმპტომები და მკურნალობა:

  • ჰიპოგლიკემიისას შეიძლება იყოს ოფლიანობა, აგრესია, სიჯიუტე, ჩივილი, კანკალი, დაბნეულობა, შიმშილი, ძილიანობა და კოორდინაციის დაკარგვა;
  • ჰიპოგლიკემიისას უნდა განხორციელდეს შემდეგი გადაუდებელი ქმედება – პირს უნდა მიეწოდოს ტკბილი სასმელი ან გლუკოზის სამი ტაბლეტი, ასევე შეიძლება შოკოლადის მიცემაც. როდესაც პირი მომჯობინდება, სასურველია, იზოლატორის მოსამსახურემ შესთავაზოს საკვები;
  • ჰიპოგლიკემიის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს სამედიცინო მუშაკის გამოძახება და პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
  • თუ პირს უგონო მდგომარეობაში სძინავს, აღნიშნული შესაძლოა იყოს ჰიპოგლიკემიის ნიშანი და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამედიცინო მუშაკის გამოძახება.

7. ჰიპერგლიკემიის ნიშნები, სიმპტომები და მკურნალობა:

  • ჰიპერგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს გონიერების დაკარგვა ან დაქვეითება, კანის გამოშრობა, ღრმად სუნთქვა ან/და სუნთქვის დროს აცეტონის სუნი;
  • ჰიპერგლიკემიისას უნდა განხორციელდეს შემდეგი გადაუდებელი ქმედება – ასეთი პირისათვის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძახებული სამედიცინო მუშაკი, რომლის დასკვნის შემთხვევაშიც პირი გადაყვანილ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში.

5.8. ეპილეფსია

1. ეპილეფსიით დაავადებული პირის იზოლატორში მოთავსებისას იზოლატორის მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა სახის ეპილეფსიის შეტევა ემართება პირს, რა სიხშირით და როდის ჰქონდა ადგილი ბოლო შეტევას, ასევე რა სახის მედიკამენტებს იღებს იგი.

2. თუ მოთავსებული პირი აცხადებს, რომ იგი გრძნობს ეპილეფსიის შეტევის მოახლოებას, ასეთ შემთხვევაში იგი უნდა მოთავსდეს საკანში, სადაც დაბალი საწოლია ან მისი საწოლის გვერდით, დაბლა უნდა მოთავსდეს მეორე მატრასიც. გამოძახებული უნდა იქნეს სამედიცინო მუშაკი და მის მოსვლამდე პირი უნდა იყოს მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

3. ეპილეფსიის შეტევის დროს იზოლატორის მოსამსახურე არ უნდა შეეცადოს პირის შებოჭვას. მას შემდეგ, რაც კრუნჩხვა გაივლის, პირი უნდა მოთავსდეს უსაფრთხო პოზიციაში.

4. ეპილეფსიის შეტევის შემდგომ ხშირია დაღლილობის განცდა, მოთავსებული პირი შესაძლოა საუბრობდეს გაუმართავად და იქცეოდეს უცნაურად. ძირითადად მსგავსი მდგომარეობა რამდენიმე საათი გრძელდება, თუმცა შესაძლებელია, 24 საათამდეც კი გასტანოს.

5.9. კლაუსტროფობია

1. კლაუსტროფობია არის დახურული სივრცის ძლიერი, ირაციონალური შიში, რომელიც იწვევს ძლიერ აღელვებას. აღნიშნულს თან ახლავს:

  • პანიკის შეტევა;
  • კანკალი;
  • გახშირებული გულის ცემა;
  • ძლიერი ოფლიანობა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • თავბრუსხვევა;
  • ტკივილი მკერდის არეში;
  • ექსტემალურ სიტუაციებში ამ სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს კონტროლის დაკარგვის, გონიერების დაკარგვისა და სიკვდილის შიში.

2. კლაუსტროფობიით დაავადებული მოთავსებული პირის რისკების შეფასება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად და ამის შემდგომ უნდა განისაზღვროს მისი მოთავსების ადგილი.

3. კლაუსტროფობიის შემთხვევის დროს იზოლატორის მოსამსახურემ უნდა:

  • შეინარჩუნოს სიმშვიდე;
  • შეეცადოს, დაარწმუნოს მოთავსებული პირი, რომ ყველაფერი რიგზეა;
  • გაიყვანოს იგი გრილ და მშვიდ ადგილას;
  • ურჩიოს, ისუნთქოს უფრო ნელა;
  • პანიკის დროს მისცეს მას ქაღალდის ჩანთა, რომელშიც მოთავსებულმა პირმა უნდა ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს;
  • დარჩეს მოთავსებულ პირთან ერთად მანამ, სანამ იგი არ დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

4. კლაუსტროფობიის შემთხვევის დროს იზოლატორის მოსამსახურემ სასურველია გამოიძახოს სამედიცინო მუშაკი.

5.10. ბრონქული ასთმა

1. ასთმა იწვევს სასუნთქი გზების კუნთების სპაზმს. ამავდროულად, სასუნთქ გზებში წარმოიქმნება დიდი ოდენობით სეკრეტი, რაც პირისათვის სუნთქვას თითქმის შეუძლებელს ხდის. რაც უფრო ძლიერია სპაზმი, მით უფრო გართულებულია პირისათვის სუნთქვა.

2. სასურველია იზოლატორის მოსამსახურეს ჰქონდეს ინფორმაცია პირის ასთმით დაავადების შესახებ. ხშირ შემთხვევაში ასთმით დაავადებულ პირს თან ექნება შესაბამისი აეროზოლი, რომელსაც ის იყენებს მდგომარეობის საკონტროლებლად და სპაზმის მოსახსნელად.

3. ასთმური შეტევის მიზეზი შესაძლოა იყოს სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, ინფექცია ან ალერგია. ასთმური შეტევები ხშირია ღამის საათებში. ძირითად შემთხვევაში შეტევის მოსახსნელად საკმარისია აეროზოლის ჩასუნთქვა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შეტევა იმდენად მწვავეა, რომ პირი დაუყოვნებლივ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.

4. ასთმით დაავადებულ პირებს, როგორც წესი, თავად შეუძლიათ აეროზოლის გამოყენება, სხვათა დახმარების გარეშე. ასთმის აეროზოლი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასთმით დაავადებული მოთავსებული პირისათვის. მოთხოვნის შემთხვევაში საჭიროებიდან გამომდინარე ასთმის აეროზოლი შესაძლებელია იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით პირს გადაეცეს საკანში შესანახად. დაუშვებელია პირს გადაეცეს სხვისი ასთმის აეროზოლი. სამედიცინო მუშაკის გამოძახება პირისათვის აეროზოლის გამოყენებაში დახმარების მიზნით საჭირო არ არის, თუმცა სამედიცინო მუშაკი უნდა იქნეს გამოძახებული ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც არსეობობს ეჭვი პირის მდგომარეობის დამძიმების შესახებ.

5. ასთმის ნიშნები და სიმპტომებია:

ა) მეტყველების პრობლემა;

ბ) აშკარა სტრესი და აღელვება (აუცილებელი სიმპტომი არ არის);

გ) მკერდიდან მომდინარე ხიხინის ხმა (აუცილებელი სიმპტომი არ არის).

6. ასთმის მწვავე შეტევის დროს პირმა შეიძლება ვერ შეძლოს საუბარი. მას შეიძლება ჰქონდეს ფერმკრთალი კანი ან ციანოზური უბნები (ნაცრისფერი/მოლურჯო), ასევე შეიძლება შეეცვალოს ენისა და ტუჩების შეფერილობა.

7. ასთმის შეტევისას რეკომენდებულია, იზოლატორის მოსამსახურემ გაამხნევოს მოთავსებული პირი, მოათავსოს იგი მისთვის ყველაზე კომფორტულ პოზიციაში (ძირითადად მჯდომარე), მისცეს ინსტრუქციები – ისუნთქოს ნელა და ღრმად, მისცეს ასთმის აეროზოლის გამოყენების საშუალება. ამ დროს უნდა მოხდეს სამედიცინო მუშაკთან დაკავშირება და მისი ინფორმირება მომხდარი ფაქტის შესახებ.

6. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოთავსებულ პირებთან მოპყრობის თავისებურებები

6.1.არასრულწლოვნებთან მოპყრობის თავისებურებები

1. არასრულწლოვანი იზოლატორში უნდა მოთავსდეს ისეთ გარემოში, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

2. იზოლატორში მოთავსებული არასრულწლოვნის მეთვალყურეობა უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული ინტენსივობით, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, გასაუბრების მეშვეობით, გარდა ძილის დროისა.

6.2. იზოლატორში მოთავსებულ ქალებთან მოპყრობისთავისებურებები

1. ქალები მიიჩნევიან სპეციალური საჭიროების მქონე მოთავსებულ პირებად.

2. ქალთა ჰიგიენის სპეციფიკური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული უნდა იქნეს სათანადო წესით. ამგვარ პირველად საჭიროებებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა უტოლდება ღირსების შემლახველ მოპყრობას. საჭიროების შემთხვევაში, ქალები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ მათთვის საჭირო სათანადო წამლებითა და მკურნალობით. ყურადღება უნდა დაეთმოს მოთავსებული ქალის მხრიდან შხაპის მიღების მოთხოვნას და არ შეიძლება შესაბამისი დასაბუთების გარეშე მას უარი ეთქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

3. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფეხმძიმე და მშობიარე ქალებს. ორსული ქალის მიერ მშობიარობის დაწყებაზე მითითების შემთხვევაში ან თუ ეს ფაქტი ცხადი გახდა იზოლატორის მოსამსახურისათვის, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება ან/და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მოთავსებული პირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში გადასაყვანად.

6.3. წამალ დამოკიდებულ პირებთან მოპყრობის თავისებურებები

1. იზოლატორში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წამალდამოკიდებული პირის მიერ იზოლატორში მოთავსების პერიოდში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შეწყვეტის შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობის (აღკვეთის სინდრომი) ეფექტიანი მართვა, ასევე ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის თერაპიის უწყვეტობის შენარჩუნება.

2. წამალდამოკიდებული პირები იზოლატორში საჭიროებენ სპეციალურ მოპყრობას. მოთხოვნის შესაბამისად უნდა მოხდეს მათი სამედიცინო მუშაკთან შეხვედრის უზრუნველყოფა.

3. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართული პირები მკურნალობით უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი უნდა იქნენ შესაბამის დაწესებულებაში.

4. თუ მოთავსებული პირი იზოლატორის მოსამსახურეს განუცხადებს, რომ ჩართულია ჩანაცვლებით პროგრამაში, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს იზოლატორის უფროსს/სამედიცინო მუშაკს.

5. ჩანაცვლებით პროგრამაზე მოთავსებული პირის გადაყვანის მიზნით იზოლატორის უფროსმა უნდა დაამყაროს კომუნიკაცია დამკავებელ პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მოთავსებული პირის ბადრაგირებას.

6.4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მოპყრობის თავისებურებები

1. აუცილებელია, განხორციელდეს იზოლატორში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დროული იდენტიფიცირება და მისი სპეციალური/განსაკუთრებული საჭიროებების დაკმაყოფილება.

2. იზოლატორის მოსამსახურეს ევალება, მოთხოვნის შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვის მქონე მოთავსებულ პირს გაუწიოს დახმარება გადაადგილების პროცესში.

3. იზოლატორის მოსამსახურეს ევალება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისათვის დამახასიათებელი სპეციალური/განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით, მისთვის უფლებების რეალიზაციის პროცესში დახმარების გაწევა.

7. იზოლატორშიმოთავსებულპირთაკვება, ჰიგიენადასხვაუფლებებითსარგებლობა

7.1. მოთავსებულ პირთაკვება

1. მოთავსებულ პირთათვის განკუთვნილი საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს.

2. მოთავსებულ პირებს საკვები მიეწოდებათ დღეში სამჯერ, 06:00 საათიდან 19:00 საათამდე. ამასთანავე, 11:00 საათიდან 23:00 საათამდე არ შეიძლება პირი იყოს იზოლატორში ოთხ საათზე მეტი ხნით ისე, რომ იზოლატორის მოსამსახურემ მას არ მიაწოდოს საკვები. სასამართლოს სამუშაო დღეებში იზოლატორის მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს იმ მოთავსებული პირისათვის საკვების დროულად მიწოდება, რომელიც გაყვანილი უნდა იქნეს სასამართლოში წარსადგენად.

3. პირისათვის საკვების მიწოდება უნდა აღინიშნოს შესაბამის ცხრილში, სადაც იწერება საკვების შეთავაზების დრო და რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ პირს არც ამანათით მიუღია საკვები და ზედიზედ ორჯერ თქვა უარი საკვების მიღებაზე, აღნიშნული უნდა დაფიქსირდეს ცხრილში და სასურველია მოხდეს სამედიცინო მუშაკთან კონსულტაცია.

4. ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და არასრულწლოვნებს უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები. როდესაც პირი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, რელიგიური ან მორალური შეხედულებებიდან გამომდინარე ითხოვს სპეციალური კატეგორიის საკვებს, ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა შესაძლებელი გახდეს მისთვის მოთხოვნილი საკვების მიწოდება. კულტურული და რელიგიური მოთხოვნების მიხედვით, შესაძლებელია პირს საკვების მიღება შეეძლოს დღის მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს იზოლატორის მოსამსახურეთა მიერ.

5. საკანში პირს საკვები მიეწოდება სპეციალური ჭურჭლით, ხოლო გონივრული დროის შემდგომ, როდესაც იგი დაასრულებს საკვების მიღებას, უნდა ჩამოერთვას ჭურჭელი, რათა არ მოხდეს თვითდაზიანებისათვის, სხვისი დაზიანების ან იზოლატორის ინვენტარის დაზიანებისათვის მისი გამოყენება.

6. მოთავსებულ პირს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი. წყლის დასალევად გამოყენებული ჭურჭელი უნდა იყოს უსაფრთხო, არ უნდა იძლეოდეს თვითდაზიანების მიზნით მისი გამოყენების შესაძლებლობას.

7. აკრძალულია მოთავსებული პირის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება.

7.2. მოთავსებული პირის პირადი ჰიგიენა და ჰიგიენურისაშუალებებით უზრუნველყოფა

1. მოთავსებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.

2. მოთავსებული პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენის დაცვისათვის საჭირო შემდეგი ჰიგიენური საშუალებებით, როგორიცაა ჰიგიენური ქაღალდი, საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, პირსახოცი, აგრეთვე მათი განთავსების (გადაყრის) შესაძლებლობით. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირი დამატებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს საპარსი საშუალებითა და მისი კვირაში ორჯერ გამოყენების შესაძლებლობით. გენდერსპეციფიკური საჭიროებიდან გამომდინარე, იზოლატორში მოთავსებული ქალები დამატებით უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ჰიგიენური საშუალებებით. მოთავსებულ პირს უნდა ჰქონდეს წყალთან წვდომა და შეეძლოს თავის მოწესრიგება. მას უნდა მიეცეს კბილის ჯაგრისით და კბილის პასტით სარგებლობის უფლება, რომლის გამოყენების მიზნითაც ყველა იზოლატორში (გარდა იმ იზოლატორისა, რომელშიც ხელსაბანი განთავსებულია საკანში) პირი გამოყვანილი უნდა იქნეს იზოლატორის გარე საპირფარეშოში.

3. იმ იზოლატორში, სადაც საპირფარეშო საკანში არ არის განთავსებული, მოთავსებული პირის გაყვანა უნდა მოხდეს მისი პირველივე მოთხოვნისთანავე. გარეთ მდებარე საპირფარეშოში არ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე პირის გაყვანა.

4. პირი, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა ერთ დღე-ღამეზე მეტი ვადით, კვირაში ორჯერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის მიღების შესაძლებლობით. საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებითა და დამკავებელი ორგანოს თანხმობით შესაძლებელია შხაპის მიღების უფლებით ისარგებლოს სხვა მოთავსებულმა პირმაც.

5. შხაპის მიღების უფლებით ვერ ისარგებლებს პირი, რომლისთვისაც სამედიცინო მუშაკის დასკვნის საფუძველზე შხაპის მიღება არ არის რეკომენდებული.

6. შხაპის მიღების უფლებით მოთავსებული პირები იზოლატორში სარგებლობენ მხოლოდ დღის საათებში. ღამის საათებში შხაპის მიღების უფლებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, იზოლატორის უფროსის ან მისი არყოფნის შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსის გადაწყვეტილებით.

7. დაუშვებელია შხაპის მისაღებად ერთდროულად რამდენიმე მოთავსებული პირის გაყვანა.

8. მოთავსებულ პირს შხაპის მიღებაზე უარი შეიძლება ეთქვას იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე შეიძლება შეექმნას იზოლატორის უსაფრთხოებას და გამართულ ფუნქციონირებას.

9. მოთავსებული პირის იზოლატორიდან გაყვანის შემდგომ მისი კუთვნილი პლედი და თეთრეული უნდა შეიცვალოს, ხოლო ლეიბი უნდა გაიწმინდოს სათანადო წესით.

7.3. ყოველდღიური გასეირნების უფლება

1. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირს, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა ერთ დღე-ღამეზე მეტი ვადით, უნდა ჰქონდეს სუფთა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნებისა და ვარჯიშის უფლება. გასეირნება არ გამოიყენება იმ ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის მიმართ, რომლისთვისაც სამედიცინო მუშაკის დასკვნის შესაბამისად გასეირნება არ არის რეკომენდებული.

2. გასასეირნებლად გაყვანა ხორციელდება დღისით, 10.00 საათიდან 18.00 საათამდე პერიოდში, იზოლატორის უფროსის მიერ შედგენილი გრაფიკით. გასეირნების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 1 საათით.

3. შესაძლებელია, გასასეირნებლად ერთდროულად გაყვანილ იქნეს არაუმეტეს 3 მოთავსებული პირი, რომლებიც ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის არ იხდიან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

4. იზოლატორის ტერიტორიაზე გასეირნების ჩასატარებლად გამოიყენება სპეციალური გასასეირნებელი ეზოები. ვიზუალურ კონტროლს მოთავსებული პირის გასეირნების პროცესზე ახორციელებს იზოლატორის უფროსის მიერ განსაზღვრული იზოლატორის მოსამსახურე.

5. მოთავსებული პირის გასეირნების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფის კონტროლს ახორციელებს იზოლატორის უფროსი. არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების, მოთავსებული პირის მიერ შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს, იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით მოთავსებულ პირს შესაძლებელია შეეზღუდოს გასეირნების უფლებით სარგებლობა. აღნიშნულის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც მიეთითება შეზღუდვის დაწესების მიზეზები. ამ მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში მოთავსებული პირი გაყვანილი უნდა იქნეს სასეირნოდ.

6. იზოლატორში, რომელშიც არ არის მოწყობილი სპეციალური გასასეირნებელი ეზო, გასეირნება ხორციელდება, როგორც წესი, ბადრაგის ან სამინისტროს სხვა მოსამსახურის თანხლების გარეშე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს იმ რაიონული ან საქალაქო დანაყოფის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელშიც განთავსებულია აღნიშნული იზოლატორი. აღნიშნულ ტერიტორიაზე გასეირნებისას მოთავსებულ პირზე ხორციელდება ვიზუალური მეთვალყურეობა. გასეირნებამდე იზოლატორის უფროსი წერილობით აფრთხილებს მოთავსებულ პირს, რომ მას გაქცევის შემთხვევაში დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს ზემოაღნიშნული ინციდენტის შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

7. მოთავსებულ პირს გასეირნების დროს ეკრძალება სხვა პირთან საუბარი, არაეთიკური ქცევა, რაიმე საგნის და ნივთის მიღება ან გაცემა. აღნიშნული ფაქტის გამოვლენისას მოთავსებულ პირს მისი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე შეეზღუდება გასეირნების უფლება.

8. არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს, იზოლატორის უფროსის განკარგულებით გასეირნება შეიძლება გაუქმდეს ან შეიკვეცოს.

7.4. საკითხავ მასალასთან წვდომა

1. მოთავსებული პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საკითხავი მასალით.

2. იზოლატორში ინახება მხატვრული ლიტერატურა. იზოლატორის მოსამსახურემ პერიოდულად უნდა შესთავაზოს მოთავსებულ პირს იქ ყოფნის პერიოდში მათი გამოყენება.

7.5. რელიგიური უფლებების განხორციელება

იზოლატორის მოსამსახურემ პატივი უნდა სცეს მოთავსებული პირის რელიგიურ თავისუფლებას, მას უნდა მიეცეს იზოლატორში რელიგიური რიტუალების შესრულების უფლება.

7.6. ინფორმაციის შეტყობინება

1. მოთავსებული პირის სიკვდილის, სერიოზული ავადმყოფობის ან/და ფსიქიკური დაავადების მკურნალობის მიზნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში იზოლატორის უფროსმა ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დამკავებელს მოთავსებული პირის მეუღლისათვის (თუ დაქორწინებულია), უახლოესი ნათესავისათვის ან მოთავსებული პირის მიერ წინასწარ მითითებული პირისათვის შეტყობინების მიზნით.

2. მოთავსებულ პირს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სერიოზული ავადმყოფობის შესახებ, თუ აღნიშნული იზოლატორის მოსამსახურისათვის გახდა ცნობილი.

7.7. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

1. იზოლატორში პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.

4. იზოლატორში მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად. მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით და ვადით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი.

5. პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი და ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს.

6. მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს, განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. მონაცემთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატური უნდა იყოს.

8. იზოლატორის ნებისმიერი მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ვალდებულია, არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე, მას ეკისრება ვალდებულება, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება, მათ შორის, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

9. მონაცემთა გამჟღავნება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

7.8. პროკურატურისათვის შეტყობინების ვალდებულება და პროცედურა

1. უფლებამოსილი პირი ვალდებულია, ტერიტორიულობის პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის შესაბამის საოლქო პროკურატურას აცნობოს იზოლატორში მომხდარი ინციდენტის შესახებ.

2. იზოლატორში მომხდარი ინციდენტის შესახებ იზოლატორის მოსამსახურემ უნდა შეადგინოს შესაბამისი ოქმი.

3. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პროცედურები ითვალისწინებს იზოლატორის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს პროკურატურისათვის შეტყობინებას, აუცილებელია სატელეფონო შეტყობინების ოქმის შედგენა.

4. მოთავსებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების ან/და მის მიერ გამოთქმული პრეტენზიის შესახებ სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, აუცილებელია, პროკურატურას ფაქტის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე ეცნობოს წერილობითაც.

7.9. თარჯიმნით უზრუნველყოფა

თარჯიმნის დასწრება აუცილებელია იმ პირის იზოალტორში მოთავსებისას, რომელსაც არ ესმის ქართული ენა, ასევე იზოლატორიდან გაყვანისას, ისევე როგორც იზოლატორში ყოფნის პერიოდში აუცილებლობის წარმოშობისას. აღნიშნული პროცედურების განხორციელებისას იზოლატორში თარჯიმნის არყოფნის შემთხვევაში იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, დაუკავშირდეს უშუალოდ დამკავებელს და აცნობოს თარჯიმნით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე.

8. მოთავსებული პირის იზოლატორიდან გათავისუფლება და ნივთების დაბრუნება

8.1. მოთავსებული პირის იზოლატორიდან გათავისუფლება

1. მოთავსებული პირის იზოლატორიდან გათავისუფლება ხორციელდება:

ა) პროკურორის ან მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას შესაბამისი დოკუმენტის იზოლატორში მიღებისთანავე;

ბ) იზოლატორის უფროსის დადგენილების საფუძველზე, თუ დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა დაკავებულს ბრალდების შესახებ დადგენილება არ გადაეცა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს გადაეცა ბრალდების შესახებ დადგენილება, მაგრამ მისი დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ;

გ) თუ გავიდა იზოლატორში მოთავსების ვადა, რომელიც აითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

2. მოთავსებული პირის გათავისუფლებას უზრუნველყოფს იზოლატორის უფროსი, რომელიც გათავისუფლების წინ ამოწმებს გასათავისუფლებელი პირის ვინაობას და შესაბამის დოკუმენტაციას.

3. მოთავსებული პირის იზოლატორიდან გათავისუფლებამდე უნდა მოხდეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად მისი სამედიცინო შემოწმება სამედიცინო მუშაკის მიერ.

4. აუცილებელია იზოლატორის უფროსის მიერ ოქმის ჩანაწერების რეგულარული კონტროლი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთავსების ვადების დაცვის მიზნით.

8.5. ნივთების დაბრუნება

1. იზოლატორის დატოვების შემთხვევაში პირს სრულად გადაეცემა ის ნივთები, რომელთა ჩამორთმევაც იზოლატორში მოთავსებისას მოხდა.

2. პირადი ნივთები დალუქული სახით იხსნება თავად მოთავსებული პირის თანდასწრებით. ნივთების ჩაბარების შემდგომ მოთავსებულმა პირმა უნდა გააკეთოს შესაბამისი ხელმოწერა პირადი დათვალიერების ოქმში, რითაც ადასტურებს ნივთების სრულად ჩაბარებას.