112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ინსტრუქცია

დროებითი მოთავსების იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქცია

მუხლი 1. დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მიღების საფუძველი და წესი

1. დაკავებული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) მიჰყავთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ, კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლებს.

2. იზოლატორში მიღების საფუძველი შეიძლება იყოს დაკავებული პირის მიმართ გამოცემული:

ა) ადმინისტრაციული წესით დაკავების ოქმი;

ბ) ეჭვმიტანილად დაკავების ოქმი;

გ) ბრალდებულად დაკავების ოქმი;

დ) გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება;

ე) მოსამართლის ბრძანება (განჩინება).

3. დანაშაულში ეჭვმიტანილისა და/ან ბრალდებულის სახით დაკავებული პირები იზოლატორში მიიღებიან დღე-ღამის ნებისმიერ დროს. დანაშაულის ჩადენაში მხილებული დაკავებული პირის იზოლატორში მიღების საფუძველს წარმოადგენს დაკავების ოქმი, შედგენილი გამომძიებლის/პროკურორის ან სხვა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. ოქმი დამტკიცებული უნდა იყოს საგამოძიებო ორგანოს უფროსის მიერ. ოქმში მიეთითება დაკავების საფუძველი, მოტივები, დღე და საათი, წელი და თვე, დაკავების ადგილი, დაკავებულის ახსნა-განმარტება და ოქმის შედგენის დრო. დაკავების ოქმზე ხელს აწერს მისი შემდგენი პირი და დაკავებული. იზოლატორში მოსათავსებლად არ მიიღებიან პირები, რომელთა მიმართ დაკავების ოქმები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები გაფორმებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.

4. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და/ან ბრალდებული პირის დაკავების ვადის გამოანგარიშება წარმოებს ამ პირის საგამოძიებო ორგანოში ან გამომძიებელთან წარმოდგენის მომენტიდან, ხოლო თუ მითითებული პირის დაკავება ხორციელდება გამომძიებლის მიერ დაკავების შესახებ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, მაშინ – ფაქტობრივად მისი დაკავების მომენტიდან.

5. ადმინისტრაციულად დაკავებული პირების იზოლატორში მიღების საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულად დაკავების ოქმი, შედგენილი გამომძიებლის/პოლიციელის ან სხვა შესაბამისი ორგანოს თანამშრომლების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. იზოლატორში, დაკავებული პირის მომყვანი უფლებამოსილი პირი ვალდებულია ადმინისტრაციულად დაკავების ოქმები გააფორმოს კანონის შესაბამისად.

6. იზოლატორში არ მიიღებიან:

ა) ფსიქიკურად დაავადებული პირები (თუკი არსებობს შესაბამისი დოკუმენტი);

ბ) ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასხუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ ასაკს მიუღწეველი პირები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 10.04.2013 წ.

მუხლი 2. დაკავებულ პირთა პირადი დათვალიერება

1. იზოლატორში წარმოდგენილი და საკნებში მოსათავსებელი პირები ექვემდებარებიან პირად დათვალიერებას, ხოლო მათი ნივთები დათვალიერებას იმ წესის შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი ნორმებით. დათვალიერება შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ დასათვალიერებლის სქესის პირმა იმავე სქესის პირის თანდასწრებით. დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი.

2. დათვალიერებისას დაკავებულ პირს ჩამოერთმევა ყველა ის ნივთი, რომელიც ნებადართული არ არის საკანსი შესანახად.

3. დაკავებულის დათვალიერებისას თანამოწმეები არ მოიწვევიან, მისი ტანსაცმელი გულდასმით თვალიერდება და ისინჯება იზოლატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

4. იზოლატორში მიღებულ პირებს საკნებში შესანახად უტოვებენ მხოლოდ იმ რაოდენობის და ასორტიმენტის საგნებს, ნივთებს და კვების პროდუქტებს, რაც განსაზღვრულია და ნებადართულია შესაბამისი შინაგანაწესით.

5. ფული, ფასეულობანი, მედლები და მათზე თანდართული დოკუმენტები და სხვა პირადი ნივთები, რომლებიც ჩამოერთვა დათვალიერების დროს დაკავებულ პირს, უნდა ჩაბარდეს იზოლატორის შესანახ საკანში. ფასიანი ქაღალდები, მიმოწერები, უბის წიგნაკები, ფოტოსურათები, ბრუნვიდან ამოღებული საგნები და ნივთები, ორდენები და მედლები, რომელთა კუთვნილებაც დადგენილი არ არის, გადაეცემა გამომძიებელს, ადვოკატს, სასამართლოს.

6. პირადი დათვალიერების დროს ამოღებული ფული, ძვირფასეულობა, ფასიანი ქაღალდები, მსგავსი საგნები და ნივთები, ასევე კვების პროდუქტები შეიძლება გადაეცეს ან გადაეგზავნოს ნათესავებს ან სხვა პირებს მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან მოსამართლის ნებართვით; ფასდაკარგული, ვადაგასული, აგრეთვე იზოლატორში შესანახად აკრძალული (სპირტიანი სასმელები, სათამაშო ბანქო და ა.შ.) საგნები და ნივთები დაუყოვნებლივ ნადგურდება, რის შესახებაც დგება აქტი.

7. დაკავებული პირის პირადი დათვალიერების დროს რაიმე სახის იარაღის, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალების, ყველა სახის დანების, სამართებლებისა და მსგავსი საგნებისა და ნივთების, ასევე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების, ყალბი დოკუმენტაციებისა და ბანკნოტების აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს.

მუხლი 3. დაკავებულ პირთა გარეგნული დათვალიერება

1. იზოლატორში წარმოდგენილი პირი საკანში მოთავსების წინ იზოლატორის უფლებამოსილი პირის მიერ გამოიკითხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; იგი ზედმიწევნით ათვალიერებს გარეგნულად და სინჯავს მას განცალკევებულ ოთახში და სხვა პირების დასწრების გარეშე, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმი, სადაც მიეთითება ოქმის შედგენის თარიღი და დრო, დამთვალიერებლის (სახელი, გვარი, თანამდებობა, წოდება) და დათვალიერებულის (სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, დანაშაულის სახეობა, ვინ დააკავა და რა დროს) ვინაობა, დათვალიერებულის სხეულზე არსებული ჯანმრთელობის დაზიანების სახეობანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დათვალიერებულის ახსნა-განმარტება და საჩივრები.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან გამოვლინდება ავადმყოფობის აშკარა ნიშნები, იზოლატორის პასუხისმებელი მორიგე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოიძახოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სამედიცინო პერსონალი ან სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ან ჯანდაცვის ორგანოების უახლოესი სამკურნალო დაწესებულების ექიმი, რათა მიიღოს დასკვნა იზოლატორში ასეთი პირის მოთავსების შესაძლებლობის შესახებ.

3. თუ სამედიცინო პერსონალის დასკვნით, წარმოდგენილი დაკავებული პირების იზოლატორში მოთავსება არ შეიძლება, ამ შემთხვევაში ისინი იგზავნებიან სამკურნალოდ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში. ხსენებულ დაწესებულებებში სამკურნალოდ მოთავსებული პირების დაცვა და ბადრაგირება ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

4. იზოლატორში წარმოდგენილი პირების პირადი დათვალიერების, გამოკითხვისა და სანიტარიული დამუშავების შემდეგ პასუხიმგებელი მორიგე ან მისი დავალებით სხვა მორიგე მათ აცნობებს და შესაძლებლობის შემთხვევაში ხელზე გადასცემს იზოლატორში მოქმედ შინაგანაწესს, ასევე მათ საპროცესო უფლება-მოვალეობების ნუსხას, რის შემდეგაც მათ ათავსებენ საკნებში.

მუხლი 4. ძალის გამოყენების უფლება

ძალის გამოყენების უფლება დაკავებულ პირთა მიმართ დასაშვებია, თუ ისინი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ იზოლატორის თანამშრომლებს, ან სჩადიან სხვა ძალდატანებით მოქმედებებს როგორც იზოლატორში, ასევე ბადრაგირების დროს, გაქცევის მცდელობისას, მათ მიერ გარშემო მყოფთა ან საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენების შემთხვევაში. ძალის გამოყენების დროს დასაშვებია ხელბორკილებისა და შებოჭვის გამოყენება მათ დაწყნარებამდე, რაც 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს და ისეთი საშუალებებით უნდა განხორციელდეს, რომელიც გამორიცხავს დაკავებულის მიმართ საკუთარ სხეულზე ზიანის მიყენების შესაძლებლობას. ხელბორკილების გარდა ამ შემთხვევებში პოლიციის კანონის შესაბამისად შეიძლება გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების სხვა ზომებიც (შებოჭვა, ორთაბრძოლის ხერხები). ხელბორკილების, შებოჭვის ან ორთაბრძოლის ხერხების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში იზოლატორის პასუხისმგებელი მორიგე ადგენს ოქმს, რომელშიც მიუთითებს უსაფრთხოების შერჩეული ზომის გამოყენების ადგილს, საფუძველს და შებოჭვისა ან ხელბორკილების მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლოვობას.

მუხლი 5. საქმისწარმოების წესები იზოლატორში

1. იზოლატორის სრულფასოვანი გამართული მუშაობისათვის წარმოებს სარეგისტრაციო-საიდენტიფიკაციო და სხვადასხვა დანიშნულების ჟურნალები, ელექტრონული სისტემები და დოკუმენტაციები, კერძოდ:

ა) იზოლატორში მოთავსებულ დაკავებულ პირთა აღრიცხვის ერთიანი მონაცემთა ელექტრონული ბაზა;

ბ) იზოლატორში მოთავსებულ დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნი;

გ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა სამედიცინო დახმარების რეგისტრაციის ჟურნალი;

დ) შემოსული და გასული კორესპონდენციების ჟურნალები;

ე) ამანათების მიღება-გადაცემის ჟურნალი;

ვ) დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი;

ზ) ბადრაგირებას დაქვემდებარებულ პატიმართა სია;

თ) საგუშაგო ფურცელი;

ი) პირადი დათვალიერების ოქმი.

კ) საარქივო ბარათი.

2. დაკავებული პირის იზოლატორში მოყვანისას იზოლატორის პასუხისმგებელი მორიგე დადგენილი წესით მომყვანის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დაკავების ოქმის საფუძველზე ატარებს მას მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში/სარეგისტრაციო წიგნში, უღებს ფოტოსურათს და ახორციელებს მის პირად დათვალიერებას, ასევე იზოლატორის მორიგე პასუხისმგებელი პირი/მედპერსონალი ახორციელებს დაკავებულის გარეგნულ დათვალიერებას, რის შესახებაც ფორმდება დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი, რომელშიც აუცილებლად ფიქსირდება დაკავებულის გარეგნული მდგომარეობა, სხეულის დაზიანების შესაძლო ნიშნები, თუ სად მიიღო აღნიშნული დაზიანებები და რა ვითარებაში, ვის მიერ, აქვს თუ არა დაკავებულ პირს ვინმეს მიმართ რაიმე სახის პრეტენზიები, რომელსაც შემდგომ ადასტურებს ხელის მოწერით თავად დაკავებული. აღნიშნული პროცედურების შემდგომ პასუხისმგებელი მორიგე, დაკავებულს ათავსებს საკანში. პასუხისმგებელი მორიგე ვალდებულია მაქსიმალური სიზუსტით შეიტანოს ყველა საჭირო მონაცემი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სარეგისტრაციო წიგნში, ხოლო ოქმი შეავსოს მასში არსებული გრაფების მოთხოვნების შესაბამისად სრულყოფილი წესით, ყოველგვარი გადასწორებების და კორექტივების გარეშე.

3. ამანათის მიღების შემთხვევაში იზოლატორის პასუხისმგებელი მორიგე აღრიცხავს ამანათების მიღება-გადაცემის ჟურნალში შესაბამისი შემოწმების შემდეგ, ხოლო ამანათში კანონსაწინააღმდეგო რაიმე ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი მორიგე ხელმძღვანელს დაუყოვნებლივ მოახსენებს და აღნიშნულის შესახებ ადგენს შესაბამის ოქმს; აკრძალულია იზოლატორში ამანათების მიღება იმ მოქალაქეებისგან, რომელთაც არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი რაიმე მოწმობა.

4. იზოლატორში ყოფნის დროს დაკავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში იზოლატორის მორიგე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოიძახოს მედპერსონალი და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ გააკეთოს ჩანაწერი იზოლატორში განთავსებულ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარების რეგისტრაციის ჟურნალში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაკავებული პირის გადაყვანა შესაბამის სტაციონალურ დაწესებულებაში ბადრაგის თანხლებით.

5. იზოლატორიდან დაკავებული პირის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას, გამყვან პასუხისმგებელ პირებს თან მიაქვთ ბადრაგირებას დაქვემდებარებულ პატიმართა სია, რომელსაც ხსენებული დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით კვლავ უბრუნებენ იზოლატორის ადმინისტრაციას.

6. დაკავებული პირის შესაბამისი რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე კეთდება ჩანაწერი სპეციალურ საარქივო ბარათზე, თითოეულ დაკავებულ პირზე ინდივიდუალურად და იგი ინახება იზოლატორის ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. საარქივო ბარათი განადგურებას არ ექვემდებარება.

7. დაკავებული პირის შესახებ შესაბამისი მონაცემები სრული მონაცემებით შეიტანება დაკავებულ პირთა აღრიცხვის ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და მის სრულყოფაზე ზედამხედველობას აწესებს იზოლატორის უფროსი.

8. საქმისწარმოებას ახორციელებს იზოლატორის უფროსის მიერ განსაზღვრული, იზოლატორის უფლებამოსილი თანამშრომელი, ამასთან საქმისწარმოების სათანადოდ შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იზოლატორის უფროსს.

მუხლი 6. დაკავებული პირის საკნიდან გამოყვანა საგამოძიებო მოქმედებების საწარმოებლად

1. იზოლატორის ადმინისტრაცია ვალდებულია გამომძიებლის აგრეთვე პროკურორის მოთხოვნით, რომელთა წარმოებაშიც არის საქმე, 06.00 საათიდან 22.00 საათამდე, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას ნებისმიერ დროს, უზრუნველყოს იზოლატორში მოთავსებულ დაკავებულ პირთა გამოყვანა საკნებიდან დაკითხვისათვის, ან სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობისათვის.

2. იზოლატორში მოთავსებულ დაკავებულ პირთა საკნიდან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით შესაბამის საგამოძიებო ოთახში გამოყვანის საფუძველს წარმოადგენს პროკურორის, გამომძიებლის ან დამცველის წერილობითი მოთხოვნა.

3. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს წარმომადგენელს სათანადო წერილობითი მოთხოვნის შემდგომ უფლება ეძლევა, შესაბამის საგამოძიებო ოთახში, დაკავებულ პირთან წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას გამოიყენოს ვიდეო-აუდიო ტექნიკა, მოიწვიოს დამსწრეები, განახორციელოს ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებაც ტექნიკურად შესაძლებელია იზოლატორში.

მუხლი 7. დაკავებულ პირთა საკნებიდან გამოყვანა სხვადასხვა შემთხვევის დროს (გარდა იზოლატორის შინაგანაწესით დადგენილი ნორმებისა)

დაკავებული პირის საკნიდან გამოყვანისას წერილობითი მოთხოვნა არ ივსება თუკი:

ა) დაკავებული პირი წარედგინება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ ზედამხედველ პროკურორს;

ბ) დაკავებული პირი წარედგინება სახალხო დამცველს ან მისი რწმუნებით აღჭურვილ პირს;

გ) დაკავებული პირი წარედგინება საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციის შესაბამის წარმომადგენელს;

დ) დაკავებული პირი წარედგინება იზოლატორის უფროსს განსაკუთრებული შემთხვევებისას, ასევე კანონით დადგენილ ფარგლებში.

მუხლი 8. დაკავებული პირის საკნიდან გამოყვანა დამცველთან (ადვოკატთან) შეხვედრის მიზნით

1. დამცველის საქმეში მონაწილეობის დაშვების მომენტიდან, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი ორდერი), დაკავებულ პირებს უფლება აქვთ პირისპირ მისი ნახვისა შეხვედრათა რაოდენობისა და მათი ხანგრძლივობის განუსაზღვრელად.

2. დამცველთან შეხვედრა ხდება იზოლატორის საგამოძიებო ოთახში დამცველისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სურვილის მიხედვით. შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს სხვების დაუსწრებლად, შეხვედრის რაოდენობისა და დროის განუსაზღვრელად. დაკავებულ პირთან შეხვედრამდე დამცველი იზოლატორის უფროსს წარუდგენს შესაბამის ორდერს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაცვის განსახორციელებლად.

მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1074 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

მუხლი 91. იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის წარმოების წესი

1. იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის წარმოება დასაშვებია იზოლატორში მოთავსებული პირების და იზოლატორის პერსონალის უსაფრთხოების, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის აღკვეთის, იზოლატორებში სამართალდარღვევების პრევენციის, აგრეთვე იზოლატორების მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.

2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იზოლატორის მიერ განხორციელებულ ვიდეომეთვალყურეობაზე.

3. იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის წარმოებამ არ უნდა ჩაანაცვლოს იზოლატორის პერსონალის მიერ იზოლატორში მოთავსებული პირების შემოწმება და მათთან უშუალო კონტაქტის განხორციელება.

4. იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია იზოლატორის დერეფნებში, სადაც განთავსებულია საკნები. საკნებსა და იზოლატორის სხვა ადგილებში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მინისტრის თანხმობით.

5. საკნებში ვიდეომეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცალკეულ გამონაკლის შემთხვევებში უსაფრთხოების მიზნებისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული იზოლატორში მოთავსებული პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

6. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის (კამერები) დამონტაჟების ადგილზე უნდა განთავსდეს ვიდეოგადაღების მიმდინარეობის გამაფრთხილებელი ნიშანი.

7. იზოლატორის დერეფნებში, საკნებსა და სხვა ადგილებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს აღნიშნულ ადგილებში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია.

8. იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. იზოლატორი ვალდებულია აღრიცხოს ნებისმიერი ტექნიკური შეფერხება (ელექტროენერგიის გათიშვა ან არასტაბილურად მიწოდება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება ან მისი მწყობრიდან გამოსვლა და სხვ.), რამაც გამოიწვია ვიდეომეთვალყურეობის წარმოების შეფერხება. აღნიშნული შეფერხების შესახებ, იზოლატორის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ დაუყოვნებლივ ეცნობება იზოლატორის უფროსს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 10.04.2013 წ.

მუხლი 10. დაკავებულ პირთა საკნებიდან გამოყვანაზე დაწესებული შეზღუდვები

1. აკრძალულია წერილობითი მომართვის გარეშე დაკავებულ პირთა გაყვანა იზოლატორის საკნებიდან (იზოლატორიდან) სხვა დაწესებულების საგამოძიებო ორგანოების სამსახურებრივ კაბინეტებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად.

2. ღამით, 22 საათიდან დილის 06 საათამდე – საკნების გაღება ხდება უკიდურეს შემთხვევაში, ხოლო საკნებიდან დაკავებულთა გამოყვანა შეიძლება მხოლოდ ვითარების გართულებისას და განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა მათ სიცოცხლეს აშკარა საფრთხე ემუქრება, აგრეთვე იზოლატორიდან გათავისუფლებისას, შესასვლელ პუნქტამდე ბადრაგირებისას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ან დაკითხვაზე გამოყვანისას, იმ შემთხვევაში, როცა ამის დაყოვნება არ შეიძლება.

3. იზოლატორის გარეთ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით (საგამოძიებო მოქმედებები – რომელთა ჩატარება იზოლატორში ტექნიკურად არის შეუძლებელი), დაკავებული პირის გაყვანა იზოლატორიდან ხდება მხოლოდ გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი მომართვის საფუძველზე.

მუხლი 11. იზოლატორში მოქმედი საშვთა რეჟიმი

1. იზოლატორში საშვთა რეჟიმის განხორციელებაზე კონტროლს ასრულებს იზოლატორის უფროსი.

2. იზოლატორში რაიმე ნებართვის გარეშე შეიშვებიან:

ა) მთავარი პროკურატურის პროკურორები, რომლებიც სპეციალურად არიან უფლებამოსილები განახორციელონ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ყველა სათავსში შეუფერხებელი დაშვებით;

ბ) მთავარი პროკურატურის პროკურორები და გამომძიებლები, შს ორგანოების, ასევე სხვა საგამოძიებო უწყებების გამომძიებლები, რომელთა უშუალო წარმოებაშიც იმყოფება სისხლი სამართლის საქმე, შესაბამისი წერილობითი მომართვით, დაიშვებიან მხოლოდ იზოლატორის საგამოძიებო ოთახებში – საგამოძიებო მოქმედებათა საწარმოებლად;

გ) საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სახალხო დამცველის მიერ გაცემული შესაბამისი რწმუნებით – ყველა სათავსში შეუფერხებელი დაშვებით;

დ) იზოლატორის პირდაპირი და უშუალო ხელმძღვანელი პირები ყველა სათავსში შეუფერხებელი დაშვებით;

ე) საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები;

ვ) სამედიცინო მუშაკები, რომლებიც გამოცხადდნენ იზოლატორში მორიგის გამოძახებით, მხოლოდ ავადმყოფის სამყოფელ ადგილზე მორიგის ან იზოლატორის უფროსის თანხლებით, ხოლო იზოლატორში ეპიდემიის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩასატარებლად, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, სხვა პირებზე იზოლატორში შესვლის უფლებას გასცემს იზოლატორის უფროსი, კანონით დაგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვით.

4. პირადობის და უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა ყველა კატეგორიის პირთათვის სავალდებულოა.

5. თუკი გამომძიებელი ან პროკურორი იზოლატორში ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოსულები, მათ იგი დროებით შესანახად უნდა ჩააბარონ პასუხისმგებელ მორიგეს (ასევე მობილური, ვიდეო-აუდიო და ხმის ჩამწერი ტექნიკა). ეს წესი ანალოგიურად ვრცელდება საქართველოს შს ორგანოების ყველა სხვა თანამდებობრივ პირზე, რომლებსაც ნებადართული აქვთ იზოლატორში სარეჟიმო სათავსოებში დასწრება.

6. იარაღის დროებითი შენახვის მიზნით მორიგის ოთახში იდგმება ლითონის საკეტი ყუთი (კარადა) დანომრილი ბუდეებით. თითოეულ ბუდეში თავსდება ჟეტონი, რომელიც ეძლევა იარაღის მფლობელს დროებით შესანახად ჩაბარებისას. მფლობელზე იარაღის დაბრუნებისას ჟეტონი კვლავ თავსდება შესაბამის ბუდეში.

7. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ ორგანოს თანამშრომელს შეუძლია შეიტანოს იზოლატორში ვიდეო-აუდიო ტექნიკა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით და შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 12. იზოლატორში მიღებული პირების საკნებში განლაგების წესი

დაკავებული პირები საკნებში განლაგდებიან შემდეგი წესების დაცვით:

ა) დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი/ბრალდებული პირები – დაკავებულთა საკნებში, იზოლაციის დადგენილი მოთხოვნების დაცვით, სხვა პირებისგან განცალკევებით;

ბ) მამაკაცები თავსდებიან ქალებისაგან განცალკევებით;

გ) არასრულწლოვნები – მოზრდილებისაგან განცალკევებით;

დ) გამონაკლისის შემთხვევაში, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი ნებართვით იმ საკნებში, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებიან დასაშვებია მოზრდილების მოთავსება;

ე) განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები – სხვა პირებისაგან განცალკევებით;

ვ) ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი/ბრალდებული პირები თავსდებიან ერთმანეთისაგან განცალკევებით (კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი პირის შესაბამისი ნებართვით შესაძლებელია ამ კატეგორიის დაკავებულთა ერთ საკანში მოთავსება);

ზ) ორსული ქალები თავსდებიან განცალკევებით;

თ) ტრანზიტით მიმავალი პირები თავსდებიან სხვა დაკავებული პირებისაგან იზოლირებით;

ი) სხვა დაკავებული პირებისაგან განცალკევებით უნდა მოთავსდნენ სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების თანამშრომლები, აგრეთვე წინასწარი გამოძიების სხვა ორგანოების საგამოძიებო დანაყოფების თანამშრომლები, რომლებიც ექვემდებარებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაგზავნას. აღნიშნული წესი ვრცელდება მითითებული უწყებების ყოფილ თანამშრომლებზეც.

მუხლი 13. დაკავებულ პირთა იზოლატორიდან გათავისუფლების მოტივი და საფუძვლები

1. ეჭვმიტანილთა/ბრალდებულთა იზოლატორიდან გათავისუფლებას ახდენს იზოლატორის უფროსი, გამომძიებლის ან პროკურორის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, რომელიც დამტკიცებული უნდა იყოს საგამოძიებო ორგანოს უფროსის მიერ და იგი ექვემდებარება დაუყოვნებლივ შესრულებას იზოლატორში მათი მიღების შემდეგ.

2. მითითებული პირების გათავისუფლების წინ იზოლატორის უფროსი ან პასუხისმგებელი მორიგე ვალდებულია შეადგინოს გათავისუფლების შესახებ დადგენილება, ამოწმებს იმ დოკუმენტებს, რომლების საფუძველზეც მოთავსებული იყო მოცემული პირი იზოლატორში და დარწმუნდეს გასანთავისუფლებლის ვინაობაში.

3. ეჭვმიტანილის და ბრალდებულის სახით დაკავებული პირები შეიძლება იზოლატორში მოათავსონ არა უმეტეს 48 საათის ვადით, ეჭვმიტანილად ან ბრალდებულად დაკავების ოქმში მითითებული დროიდან. თუ აღნიშნულ პერიოდში ვერ მოხერხდა მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიების საკითხი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ გამომძიებლის, პროკურორის ან იზოლატორის უფროსის შესაბამისი დადგენილებით.

4. ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული დაკავებული პირები შეიძლება იზოლატორში მოათავსონ არა უმეტეს 90 დღის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული მომენტიდან. პატიმრობის ვადის გასვლისას იზოლატორის უფროსი ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას პატიმრის გასანთავისუფლებლად, ხელმეორედ შეამოწმებს მისი დაკავების საფუძვლებს (დაკავების დრო, დაკავებული პირის იდენტიფიკაცია და ა.შ.), რის შემდეგაც ათავისუფლებს მას იზოლატორიდან.