112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

საერთაშორისო აქტები

საერთაშორისო თანამშრომლობა

ნატო–სთან თანამშრომლობა (NATO)

საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ნატო-სთან და ნატო-ს საერთაშორისო სამსახურებთან, საგანგებო სიტუაციების დაგეგმარების მთავარ კომიტეტთან და ასევე სხვა სტრუქტურებთან. იღებს მონაწილეობას ნატო-ს შემდეგი კომიტეტების შეხვედრებსა და სხდომებში: ,,სამოქალაქო ავიაციის დაგეგმარების კომიტეტი,’’ ,,სამოქალაქო კავშირგაბმულობის დაგეგმარების კომიტეტი’’, ,,სამოქალაქო დაცვის კომიტეტი’’, ,,კვებისა და სოფლის მეურნეობის დაგეგმარების კომიტეტი’’, მრეწველობის დაგეგმარების კომიტეტი’’, საერთო მედიცინის კომიტეტი’’, ,,მიწისზედა ტრანსპორტის დაგეგმარების კომიტეტი’’, ,,საოკეანო ნაოსნობის დაგეგმარების კომიტეტი.’’ სააგენტო პერმანენტულად მონაწილეობს ნატო-ს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ ფარგლებში ტრეინინგებსა და სასწავლო ვარჯიშებში. ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსებსა და ვარჯიშებზე.
2005 წლის აპრილ-მაისში, ივნისსა და ოქტომბრის თვეებში საქართველოში მომხდარმა წყალდიდობებმა და მეწყერებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის მოსახლეობა, მოშალა ინფრასტრუქტურა, მწყობრიდან გამოიყვანა კომუნიკაციის საშუალებები, დატბორა სახნავ-სათესი ფართობები. ქვეყანას მიადგა მილიონობით ლარის ზარალი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დახმარების მოსაზიდად მიმართა ნატო-ს ,,კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს’’ (EADRCC). ნატო-ს მხრიდან განხორციელდა პირველი პრეცენდენტი და საკოორდინაციო ცენტრთან უშუალო თანამშრომლობით მოზიდული მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარება მიწოდებულ იქნა საქართველოს დაზარალებული რაიონებისათვის. საგანგებო რეჟიმში მოხერხდა ჰუმანიტარული დახმარების მოზიდვა-მიღება და განაწილება. ჰუმანიტარული დახმარებები მიღებული იქნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან: (საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, წყლის საქაჩი საშუალებები, სამაშველო აღჭურვილობები და სხვა. დაახლ. 1 მლნ. ლარის ოდენობით) ნორვეგია, იტალია, მოლდოვა, ლიტვა, გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი. აღსანიშნავია, რომ გასული წლის 8 ოქტომბერს პაკისტანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 11 ოქტომბერს ნატო-ს ,,კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრიდან” (EADRCC) შემოვიდა წერილი, რომელშიც შესაძლებლობის ფარგლებში ითხოვდნენ მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენას. საქართველოს მხრიდან შეთავაზებული იყო სამაშველო-სამედიცინო ჯგუფის გაგზავნა. (EADRCC)-ის ეგიდით გადაწყდა საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) აღნიშნული ჯგუფისა და მედიკამენტების დაზიანების კერაში გაგზავნა. ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SDC)

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოს მთავრობასთან 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. კერძოდ, ურთიერთანამშრომლობის სფერო მოიცავს საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებს. ამ მხრივ მისი უმთავრესი მიმართულებაა სამაშველო ოპერაციების მართვისა და წარმატებულად ჩატარების უზრუნველყოფა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანამშრომლობა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოიცავს სამ ეტაპს: პირველი ეტაპზე განხორციელდა სამაშველო ძალების განვითარებისა და მათი საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და იგი ითვალისწინებდა ცენტრალური სამაშველო ბაზის მშენებლობას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც დასრულდა 2003 წლის 18 ივლისს. მეორე ეტაპზე განხორციელებულ იქნა ცენტრალური სამაშველო ბაზის ტექნიკური აღჭურვა ევროპულ სტანდარტებზე, ხოლო მესამე, ბოლო ეტაპზე ხორციელდება ინსტრუქტორების (მაშველ-მეხანძრეების) გადამზადება თანამედროვე დონეზე, რომელიც პერმანენტულად მიმდინარეობს წლის განმავლობაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ინიციატივითა და ხელშეწყობით.

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GTZ)

საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან. ურთიერთთანამშრომლობიდან გამომდინარე GTZ-სთან IPAP-ის ვალდებულებების მიხედვით მომზადდა თემატიკა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელთათვის. 2005 წელს ,,გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს” (GTZ) დახმარებით შემუშავდა სასწავლო პროგრამა ქვემო ქართლის მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთათვის. აღნიშნული პროგრამის მიხედვით გასული წლის 8-9 დეკემბერს ჩატარდა სასწავლო კურსები მათი გადამზადებისათვის; მომზადდა პროგრამა, რომლის განხორციელება დაგეგმილია GTZ-თან ერთად საგანგებო სიტუაციებში ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (BSEC)

საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხავ რეგიონალურ ინიციატივებში მონაწილეობას. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სუამი-ს ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში, რაც ხელს უწყობს წევრ სახელმწიფოებს შორის თანმაშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში. საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ასევე თანამშრომლობს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან სხვადასხვა ინიციატივების განხორციელების საკითხებში. ურთიერთთანამშრომლობა BSEC-ის ფარგლებში ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას რეგიონის სახელმწიფოებს შორის. საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და მათი გამოცდილების გაზიარება სამოქალაქო-საგანგებო დაგეგმარების საკითხებში. 2005 წლის ოქტომბერში, უკრაინაში ხელი მოეწერა ,,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC-ის) წევრ ქვეყნებს შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების დროს საგანგებო სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების დამატებით ოქმს,’’ რომელიც რატიფიცირებულ იქნა 2006 წლის მარტში.

ხელშეკრულებები და შეთანხმებები საგანგებო სიტუაციების სფეროში

საქართველოს მთავრობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დადებული აქვს ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც შეეხება საგანგებო სიტუაციების დროს კატასტროფებზე რეაგირებას

(შეთანხმება) საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი ლიკვიდაციის დარგში თანამშრომლობის შესახებ. (1994 წლის 3 თებერვალი);

(შეთანხმება) საქართველოსა და აშშ-ს შორის მასობრივი განადგურების იარაღების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის, თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ. (1997 წლის 17 ივლისი);

(შეთანხმება) საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. (1997 წლის 18 თებერვალი);

(შეთანხმება) საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. (1997 წლის 3 მაისი);

(შეთანხმება) BSEC–ის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის, სასწრაფო დახმარების აღმოჩენაში და სასწრაფო საპასუხო ზომების მიღებაში თანამშრომლობის შესახებ. (1998 წლის 15 აპრილი);

(ხელშეკრულება) საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო–ჯეიჰანის მილსადენის ტრანსპორტირების შესახებ. (1999 წლის 18 ნოემბერი);

(შეთანხმება) საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავარიების, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების შემთხვევაში
(1997 წელი);

(შეთანხმება) საქართველოსა და თურქმენეთს შორის ავარიების, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების შემთხვევაში
(1997 წელი);

(შეთანხმება) საქართველოსა და ჩრდილო ოსეთს შორის ავარიების, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების შემთხვევაში
(1998 წლის 26 მაისი);

(შეთანხმება) საქართველოსა და უკრაინას შორის ავარიების, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების შემთხვევაში
(1998 წლის 7 დეკემბერი);

(შეთანხმება) საქართველოსა და დსთ-ს შორის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შემთხვევაში (1993 წლის 22 იანვარი).